კატეგორიები

რუსული მედია „სამშვიდობო მემორანდუმის” ტექსტს ავრცელებს – რა წერია დოკუმენტში

რუსული მედია „სამშვიდობო მემორანდუმის” ტექსტს ავრცელებს – რა წერია დოკუმენტში
2 ივნისს თურქეთში, ქალაქ სტამბოლში, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა.

უკრაინულ დელეგაციას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსულ დელეგაციას პრეზიდენტი პუტინის თანაშემწე – ვლადიმერ მედინსკი.

დელეგაციებმა ერთმანეთს “სამშვიდობო მემორანდუმები” გადასცეს. დოკუმენტები ითვალისწინებს იმ საკვანძო პირობებს, რომელთა დაკმაყოფილებაც მხარეებს ცეცხლის სრულ შეწყვეტამდე მიიყვანს.

თუმცა როგორც ჩანს, მოსკოვი მემორანდუმში იმას მოითხოვს, რასაც აქამდე ომის გზით ცდილობდა.

რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება TASS-მა 2 ივნისს რუსული “სამშვიდობო მემორანდუმის” პირობები გაავრცელა.

დოკუმენტის თანახმად, მოსკოვის მთავარ მოთხოვნებს შორისაა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალური აღიარება, ასევე აღიარება უკრაინის ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიისა და ლუგანსკის ოლქების, რომლებსაც რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს.

მოსკოვი აღნიშნული ოლქებიდან უკრაინული ჯარების სრულად გაყვანასა და შემდეგ ქვეყანაში დემობილიზაციას ითხოვს. ასევე, რუსეთი მოითხოვს, რომ უკრაინამ შეწყვიტოს თავისი ჯარების გადაადგილება და განლაგება ქვეყნის მასშტაბით, თუ ეს განსაკუთრებული აუცილებლობით არ იქნება განპირობებული.

სხვა მოთხოვნებს შორისაა ისიც, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი და უარი თქვას ნატოსა და ხვა შესაძლო სამხედრო ალიანსებში გაწევრებაზე, ასევე, შეწყვიტოს დასავლური იარაღის მიღება და დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობა.

დოკუმენტში საუბარია ზიანის ანაზღაურებაზეც. კერძოდ, მოსკოვი მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ომის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, უზრუნველყოს ე.წ. “პოლიტპატიმრების” ამნისტია და უკრაინაში რუსული ენა ოფიციალურ ენად გამოაცხადოს.

ზოგიერთი უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ რუსეთი უკრაინაში ახალ არჩევნებს და სამშვიდობო შეთანხმების უკვე ახალ მთავრობასთან გაფორმებასაც მოითხოვს.

რუსული დოკუმენტი გამორიცხავს უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპელი ლიდერების იდეას ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების პოტენციური განლაგების შესახებ.

პარალელურად, ცნობილია უკრაინული დელეგაციის მიერ შედგენილი მემორანდუმის პირობებიც. დელეგაციამ ეს მემორანდუმი ორ ენაზე: უკრაინულად და ინგლისურად მოამზადა.

დოკუმენტით ირკვევა, რომ უკრაინა ითხოვს პატიმრების სრულად გაცვლას, რუსი ჯარისკაცების მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების სამშობლოში დაბრუნებასა და ტყვეობაში მყოფი ყველა მშვიდობიანი მოქალაქის გათავისუფლებას.

დოკუმენტში კიევი უფლებას იტოვებს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანდეს.

რაც შეეხება გაყინულ რუსულ აქტივებს, კიევი ამ თანხის უკრაინის რეკონსტრუქციისთვის გამოყენებას მოითხოვს, ხოლო სანქციების მოხსნას იმ შემთხვევაში უშვებს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტაზე თანახმა იქნება.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები