უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ გააკრიტიკა რუსეთის წინადადება 2-3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
რუსეთმა უკრაინას 2-3-დღიანი დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, რომელიც დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გამოყვანას ითვალისწინებს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის ვლადიმირ მედინსკიმ განაცხადა, რომელიც სტამბოლში გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდისას რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით ეს შეთავაზება არასერიოზულია და დღეს რუსეთს სრულმასშტაბიანი ცეცხლის შეწყვეტა არ სურს.
„როგორც მათ განაცხადეს, ისინი 2-3-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან იმისათვის, რომ დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების გამოყვანა შეძლონ. მე ვფიქრობ, რომ ისინი იდიოტები არიან. რადგან ფუნდამენტურად ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ აღარ იყვნენ დაღუპულები“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოკლევადიანი ცეცხლის შეწყვეტა რუსეთის მხრიდან მცდელობაა, რამდენიმე დღით ომი დააპაუზოს, რომ ძალები აღადგინოს. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ სწორედ ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთზე გაზარდოს ზეწოლა.
„სწორედ ამიტომ გვსურს, რომ ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა სენატში სანქციების პაკეტი მიიღონ, რომ ძლიერი სანქციების მეშვეობით რუსეთი აიძულონ შეწყვიტოს ცეცხლი. მათ სხვა გზის არ ესმით”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსული მედია „სამშვიდობო მემორანდუმის” ტექსტს ავრცელებს – რა წერია დოკუმენტში
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 28 მაისს განაცხადა, რომ აშშ მალე გაიგებს, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მზად ომის დასრულებისთვის. დონალდ ტრამპმა რუსეთი გააფრთხილა, რომ თუ ისინი ამისთვის მზად არ იქნებიან, მაშინ აშშ განსხვავებულ ზომებს მიიღებს.
უკრაინული მედიასაშუალების Kyiv Independent-ის ინფორმაციით, 2 მაისს გამართულ მოლაპარაკებებზე, უკრაინამ რუსეთს წინადადებით მიმართა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა თანახმა იქნება რუსეთს არსებული სანქციების ნაწილი მოეხსნას, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი სრულმასშტაბიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება. წინადადების მიხედვით, შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში, შეჩერებული სანქციები რუსეთზე კვლავ აღდგება.
რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალება TASS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციამ უკრაინას გადასცა ე.წ. “სამშვიდობო მემორანდუმი,” რომელიც ცეცხლის შეწყვეტის პირობებს ითვალისწინებს.
დოკუმენტის თანახმად, მოსკოვის მთავარ მოთხოვნებს შორისაა: რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალური აღიარება, ასევე უკრაინის ხერსონის, დონეცკის, ზაპოროჟიისა და ლუჰანსკის ოლქების აღიარება, რომლებსაც რუსეთი სრულად ვერ აკონტროლებს.
მოსკოვი ამ ოლქებიდან უკრაინული ჯარების სრულად გაყვანასა და შემდეგ ქვეყანაში დემობილიზაციას ითხოვს.
სხვა მოთხოვნებს შორისაა ისიც, რომ უკრაინამ უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალური სტატუსი და უარი თქვას ნატოსა და სხვა სამხედრო ალიანსებში შესაძლო გაწევრებაზე, ასევე შეწყვიტოს დასავლური იარაღის მიღება და დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობა.
დოკუმენტში საუბარია ზიანის ანაზღაურებაზეც. კერძოდ, მოსკოვი მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე. რუსული დოკუმენტი გამორიცხავს უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგებას, რაც ეწინააღმდეგება ევროპელი ლიდერების იდეას ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების პოტენციური განლაგების შესახებ.
