კატეგორიები

აშშ თავდაცვას ჩინეთის მზარდი ზეწოლის საპასუხოდ აძლიერებს

აშშ თავდაცვას ჩინეთის მზარდი ზეწოლის საპასუხოდ აძლიერებს
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა შანგრი-ლას უსაფრთხოების სამიტზე განაცხადა, რომ ამერიკა არ დაუშვებს პარტნიორების დაშინებასა და მორჩილებაში მოქცევას პეკინის მზარდი ზეწოლის ფონზე.

ჰეგსეთის თქმით, ჩინეთის მიზანია, რეგიონზე ჰეგემონიის დამყარება, რისთვისაც იყენებს. როგორც ღია სამხედრო ქმედებებს, ისე კიბერიარაღსა და ჰიბრიდულ ომს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პანამის არხს, რომლის მიმართაც ჩინეთის მზარდი გავლენა დაუშვებელია.

„ჩვენ ვაძლიერებთ უსაფრთხოებას დასავლეთ ნახევარსფეროში და ვათავისუფლებთ პანამის არხს ჩინეთის მავნე გავლენისგან. ეს სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ტერიტორიაა. ეს არხი ჩინეთს არ აუშენებია — ჩვენ ავაშენეთ. და არ დავუშვებთ, რომ ჩინეთმა მისი მილიტარიზაცია ან კონტროლი სცადოს. ჩვენს საზღვრებსა და რეგიონის მიღმაც ჩვენი პრიორიტეტია კომუნისტური ჩინეთის აგრესიის შეკავება. ჩვენ არ გვსურს კონფლიქტი კომუნისტურ ჩინეთთან. აგრესია ჩვენი მხრიდან არ მოდის, არც დამორჩილებითა და დამცირებით ვართ დაინტერესებული. პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს უდიდესი პატივისცემა აქვთ ჩინელი ხალხისა და მათი ცივილიზაციის მიმართ. მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ პოზიციებს ამ კრიტიკულ რეგიონში და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი პარტნიორები და მოკავშირეები დაიმორჩილონ ან დააშინონ.

ჩინეთი მიზნად ისახავს, იყოს ჰეგემონი აზიაში — ეს ეჭვგარეშეა. მას სურს, აკონტროლოს და დაიმორჩილოს ამ დინამიკური და სტრატეგიული რეგიონის დიდი ნაწილი. მასიური სამხედრო მშენებლობისა და მზარდი სამხედრო ქმედებებით, მათ შორის ე.წ. ნაცრისფერი ზონის ტაქტიკით და ჰიბრიდული ომით, ჩინეთმა დაამტკიცა, რომ სურს არსებული სტატუს-კვოს ფუნდამენტური შეცვლა. ჩვენ ვერ დავხუჭავთ თვალს ამაზე. ჩინეთის ქცევა მეზობლებისა და დანარჩენი მსოფლიოს მიმართ სიგნალია. და ძალიან მძლავრი. ჩინეთი იყენებს საკუთარ ფართო და მაღალტექნოლოგიურ შესაძლებლობებს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დასაზიანებლად როგორც თქვენს ქვეყნებში, ისე აშშ-ში. ეს ქმედებები არა მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოებს აზიანებს, არამედ საფრთხეს უქმნის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს. სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთი საკუთარ მეზობლებს ავიწროებს — მათ შორის ბევრ თქვენგანს, ვინც აქ იმყოფებით“,  – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა.

თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ჩინეთთან კონფლიქტს არ აპირებს, თუმცა არ დათმობს პოზიციებს ტაივანში, სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ლათინურ ამერიკაში. მისი თქმით, ჩინეთის ქცევა რეგიონში მეზობლებისა და მთელი მსოფლიოსთვის არის სიგნალი, რომელსაც ვერ უგულებელყოფს.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები