უკრაინა რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდისთვის მზადაა.
2 კვირის შემდეგ, რაც თავდაპირველმა მცდელობამ არ გაამართლა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა – ომში ჩაბმული ორივე მხარე აცხადებს, რომ მათი დელეგაციები 2 ივნისს, ისევ სტამბოლში, ერთმანეთს კვლავ შეხვდებიან.
თუმცა მანამდე, უკრაინა აგრესორისგან დაპირებულ მემორანდუმის ტექსტს ელოდება. როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ განაცხადა, კიევი სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების მომხრეა და ომის წელსვე დასრულება სურს. მისივე თქმით, უკრაინამ უკვე გააცნო რუსულ მხარეს საკუთარი ხედვა სამშვიდობო ძალისხმევის მომდევნო ეტაპების შესახებ და ახლა საპასუხო ნაბიჯს ელის. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, ეს აუცილებელია, რათა მომდევნო შეხვედრა შინაარსიანი და ობიექტური იყოს.
„უკრაინა სამშვიდობო ძალისხმევის ერთგულია. ჩვენ მივიღეთ აშშ-ის წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. იგი უნდა დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, რაც გზას გაუხსნის უფრო ფართო მოლაპარაკებებს – უკრაინისთვის სამართლიანი, ყოვლისმომცველი და გრძელვადიანი მშვიდობისთვის. ამიტომ უნდა მოვახდინოთ ზეწოლა რუსეთზე.
ჩვენ დაინტერესებულები ვართ ამ შეხვედრების გაგრძელებით, რადგან გვსურს, რომ ეს ომი წელსვე დასრულდეს. დაინტერესებულები ვართ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევით – იქნება ეს 30, 50 თუ 100 დღით – უკრაინა ღიაა ეს საკითხი რუსეთთან პირდაპირ განიხილოს.
Why wait until Monday? If the Russians have finally elaborated on their “memorandum”—after ten days of reflections and attacks—it can be passed to us right away. We anticipate that the Russian side will not derail the next meeting and will immediately submit their proposals for… https://t.co/Og8kjVqynL
— Andrii Sybiha 🇺🇦 (@andrii_sybiha) May 28, 2025
უკრაინამ სტამბოლში გამართული წინა შეხვედრის შედეგების საფუძველზე, უკვე გააცნო რუსულ მხარეს საკუთარი ხედვა შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ჩვენ ასევე ველოდებით რუსული მხარისგან მემორანდუმს, მოლაპარაკებების დაწყებამდე. ამას რუსეთი ამერიკულ მხარესაც დაჰპირდა. ამიტომ იმისათვის, რომ შემდეგი შეხვედრა შინაარსიანი და ობიექტური იყოს, მნიშვნელოვანია დოკუმენტის წინასწარ მიღება, რათა იქ მყოფ დელეგაციას ჰქონდეს შესაძლებლობა, განიხილოს შესაბამისი პოზიციები“, – განაცხადა ანდრიი სიბიჰამ.
იმის შესახებ, თუ რა პირობები აქვს რუსეთს უკრაინასთან ომის დასასრულებლად, დამატებითი დეტალების გასაჯაროებაზე უარს აცხადებს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.
მისი თქმით, კიევის მოწოდებები რუსეთისადმი, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმი 2 ივნისს დაგეგმილ მოლაპარაკებებამდე გამოაქვეყნოს, „არაკონსტრუქციულია“.
„ჩვენ შევთავაზეთ სტამბოლში შეხვედრა მემორანდუმის პროექტების განსახილველად. მოთხოვნები მემორანდუმის დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ არაკონსტრუქციულია. ამჟამად, მხოლოდ მოლაპარაკებების გაგრძელების მზაობის დადასტურება ან უარყოფაა საჭირო”, – ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.
როგორც მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებული რუსული წყაროები იუწყებიან, ვლადიმირ პუტინი ომის დასრულების სანაცვლოდ ნატოს აღმოსავლეთში გაფართოების შეწყვეტას ითხოვს, რაც ალიანსში უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღებას ოფიციალურად გამორიცხავს.
იგი ითხოვს უკრაინის ნეიტრალიტეტსაც, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილის გაუქმებას, გაყინული აქტივების საკითხის გადაწყვეტასა და უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
როგორც „როიტერსს” ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, პუტინი მზადაა მშვიდობისთვის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად.
„პრეზიდენტი პუტინი მუდმივად აწვდის თავის თანამოსაუბრეებს, მათ შორის აშშ-ის წარმომადგენლებს, ჩვენს პოზიციას ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების დაუშვებლობის შესახებ რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული ინტერესების თვალსაზრისით. მოხარულები ვართ, რომ პრეზიდენტის ეს განმარტებები ესმით, მათ შორის ვაშინგტონში“, – აღნიშნა პესკოვმა.
ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ კრემლის შეშფოთება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით სამართლიანია და აშშ მზადაა, ეს საკითხი სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილოს.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში, მონაწილეობას აშშ-ის, საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც მიიღებენ.
უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის, კიტ კელოგის თანახმად, შეხვედრას ასევე დაესწრებიან დასავლელი ლიდერების მრჩევლები უსაფრთხოების საკითხებში.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მისი მიზანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის კონტინენტზე ყველაზე დაუნდობელი კონფლიქტის დასრულებაა და ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გამოხატავს იმედგაცრუებას როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის პრეზიდენტის მიმართ.
იგი მეორე ვადით არჩევამდე წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ხშირად აცხადებდა, რომ უკრაინაში ომს სწრაფად, პირველ 24 საათში დაასრულებდა, თუმცა ამ დრომდე დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინის ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება ვერ შეძლო.