ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისი ყოველდღიურად მწვავდება. მოსახლეობა, რომელიც თითქმის სამი თვეა, მკაცრი ბლოკადის პირობებში ცხოვრობს, შიმშილის ზღვარზეა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ბლოკადა ოდნავ შემსუბუქდა, საკვების დეფიციტი კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.
ღაზის ჰუმანიტარული ფონდის მიერ ისრაელისა და აშშ-ის მხარდაჭერით გახსნილ დახმარების ცენტრებში საკვების მიღების მცდელობა ხშირად ქაოსში გადაიზრდება ხოლმე. ცენტრები სპეციალური სამსახურების თანამშრომლების მიერ კონტროლდება, თუმცა მშიერი პალესტინელების მართვა რთულია. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმამ შიში და პანიკა გამოიწვია, თუმცა უცნობია, ვინ ისროლა ან მოჰყვა თუ არა მსხვერპლი.
გაერო და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ ამ დახმარების სისტემას და აცხადებენ, რომ ის ვერ უზრუნველყოფს 2.3 მილიონი პალესტინელის გამოკვებას.
განსაკუთრებით მძიმეა ვითარება ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზეც. ტულქარემის ლტოლვილთა ბანაკში მცხოვრები პალესტინელები საკუთარი სახლების იძულებითი დანგრევის მოლოდინში პირად ნივთებს მანქანებში ტვირთავენ.
ისრაელის სამხედრო ძალებმა ბოლო თვეების განმავლობაში გაანადგურეს ლტოლვილთა რამდენიმე ბანაკი, მათ შორის ტულქარემი და ნურ შამსი. ეს ის დასახლებებია, რომელთაც ასობით პალესტინელი ოჯახი აფარებდა თავს. ახლა იძულებითი გადაადგილება ყველაზე მასშტაბურია 1967 წლის შემდეგ, როდესაც ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე კონტროლი დაამყარა.
ისრაელის საჰაერო იერიშები კი გრძელდება. პარალელურად, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა ცეცხლის შეწყვეტის ახალი წინადადება წარადგინა, რომელსაც ისრაელი მხარს უჭერს. „ჰამასმა“ განცხადებას თავშეკავებული პასუხი გასცა, თუმცა აღნიშნა, რომ წინადადებას დეტალურად შეისწავლის.
ოფიციალური მონაცემებით, ღაზაში ისრაელის საომარ მოქმედებებს დაახლოებით 54,000 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან უმეტესობა ქალი და ბავშვია.
ომი „ჰამასის“ მიერ 2023 წლის 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ დაიწყო, რომლის შედეგადაც ისრაელში 1,200 ადამიანი დაიღუპა.