აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეტანილი სარჩელის შემდეგ, ყოვლისმომცველი ტარიფები დროებით აღადგინა.
ვაშინგტონში სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ საქმის განხილვის დასრულებამდე, ქვედა ინსტანციის ყველა გადაწყვეტილება გაუქმდება. მოსარჩელეებს საქმეზე პასუხის გაცემა 5 ივნისამდე დაევალათ, ხოლო პრეზიდენტის ადმინისტრაციას 9 ივნისამდე.
საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილებას 29 მაისს თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლივიტი გამოეხმაურა და მოსამართლეების გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
კაროლინ ლევიტის თქმით, მოსამართლეებმა, პრეზიდენტი ტრამპის ავტორიტეტის უზურპაციის მიზნით, თავიანთი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში მოსამართლეებს არანაირი როლი არ უნდა ჰქონდეთ.
თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტის სატარიფო პოლიტიკა საღ აზრს ემყარება და იურიდიულად გამართლებული იყო.
„პრეზიდენტის არგუმენტი ამ მძლავრი ტარიფების დასაწესებლად იურიდიულად გამართლებული და საღი აზრით დასაბუთებული იყო. პრეზიდენტი ტრამპი სწორად თვლის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკას არ შეუძლია უსაფრთხოდ ფუნქციონირება, თუ ჩვენ არ შეგვეძლება საკუთარი წარმოების შესაძლებლობის გაზრდა, ასევე საკუთარი კრიტიკული მიწოდების ჯაჭვებისა და თავდაცვის ინდუსტრიის უცხოელი მეტოქეებისგან გათავისუფლება. აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს სამმა მოსამართლემ არ გაიზიარა ეს და თავხედურად გამოიყენა თავისი უფლებამოსილება პრეზიდენტი ტრამპის უფლებამოსილების უზურპაციის მიზნით, რათა შეეჩერებინა იგი იმ მანდატის შესრულებაში, რომელიც მას ამერიკელმა ხალხმა მისცა. ამ მოსამართლეებმა ვერ აღიარეს, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტს აქვს საგარეო საქმეებში ძირითადი უფლებამოსილება და ასევე უფლება, რომელიც კონგრესმა მას მიანიჭა შეერთებული შტატების ეკონომიკისა და ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად. მოსამართლეების გადაწყვეტილება ქმნის რისკს, რომ მსოფლიო ასპარეზზე შეერთებული შტატების სანდოობას ძირი გამოეთხაროს. ადმინისტრაციამ უკვე შეიტანა გადაუდებელი განაცხადი ამ საშინელი გადაწყვეტილების გასაუქმებლად. საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ უნდა დაასრულოს ეს ყველაფერი ჩვენი კონსტიტუციისა და ქვეყნის გულისთვის“, – ამბობს თეთრი სახლის სპიკერი, კაროლინ ლევიტი.
29 მაისს ნიუ-იორკში მდებარე საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ გუშინ დონალდ ტრამპის ყოვლისმომცველი ტარიფები დაბლოკა და განაცხადა, რომ ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების დარეგულირების უფლებამოსილება კონგრესს აქვს.