„ბუჩის ჯადოქრების“ სახელით ცნობილი ქალი მოხალისეები, როგორც წესი, ყოველ ღამეს კიევის რეგიონის ტყეში მორიგეობენ.
რუსეთის მიერ დრონებით შეტევა ღამით უფრო ინტენსიურია, თუმცა დღისით მიტანილ იერიშებსაც დიდი ზიანი მოჰყვება.
რამდენიმე დრონი მთელი ღამის განმავლობაში ტყეში მდებარე ბაზასა და პოზიციებს შორის დაფრინავს, ხანდახან საათობითაა გაჩერებული დრონი, რომ საჭირო მომენტში თავს დაესხას.
უკრაინაში ქალ მებრძოლებს არ აქვთ იმედი, რომ რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ.
„იმის გათვალისწინებით, როგორც ჩვენი მეზობელი რუსეთი იქცევა, ვერასოდეს ენდობი. შესაძლოა რაღაც სახის ზავი მაინც შედგეს. ყველა ამას ისურვებდა. მეც, რა თქმა უნდა, მინდა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. აი, ესაა ჩემი აზრი. იმედი ძალიან გაურკვეველი რამეა. ჩვენ ჩვენს ძალას ვეყრდნობით, და არა იმედს, რომ რაღაც გამოვა. ერთხელ უკვე გვქონდა იმედი, როცა ნატოს ცის ჩაკეტვა ვთხოვეთ. ამიტომ ახლა იმედზე მეტად მოქმედებაა საჭირო“, – ამბობს ერთ-ერთი მებრძოლი ქალი.
უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების არ სჯერათ სხვა მებრძოლებსაც.
„თუ ჩვენს პარტნიორებს ეს ესმით, ცხადი იქნება მათთვის, რომ რუსეთი არაა ხელშეკრულებების ერთგული ქვეყანა — ისინი არ ასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს და ღიად ტყუიან. მათ მეორე ეშელონის დელეგაცია გამოგზავნეს. მათ მშვიდობა არ სურთ. ამ ვითარებაში იმას გვაჩვენებენ, რომ მშვიდობა მათთვის არ არის ღირებულება. ისინი უბრალოდ აგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი, ჩემი, მეგობრებისა და თანამებრძოლების ვალია, რომ ვიბრძოლოთ. ჩვენი საქმეა, დავიცვათ ცა და არ გავუმკლავდეთ რუსეთის საფრთხეებს“, – ამბობს მოხალისე მებრძოლი ქალი.
სტამბოლში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინასა და რუსეთს შორის მნიშვნელოვანი შედეგის გარეშე დასრულდა. მიუხედავად სამი წლის განმავლობაში პირველი პირდაპირი შეხვედრისა, მხარეებმა ვერ შეძლეს საერთო ენის გამონახვა. უკრაინული მხარე რუსეთის ქმედებებს დესტრუქციულად აფასებს და მიუთითებს, რომ მოსკოვს რეალური ზავის მიღწევის სურვილი არ აქვს. კრემლის მიერ დაბალი რანგის დელეგაციის გამოგზავნამ და პირისპირ შეხვედრაზე პუტინის უარმა მოლაპარაკებების მნიშვნელობა კიდევ უფრო შეამცირა. კიევში ამბობენ, რომ იმედის ნაცვლად მოქმედებაზე ფიქრობენ, ბრძოლა კი ისევ გრძელდება.