რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური წერილს აქვეყნებს, სადაც წუხს, რომ სერბული თავდაცვის ინდუსტრიის კომპანიები კიევისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას განაგრძობენ.
„სერბული სამხედრო მწარმოებლები ცდილობენ, რუსეთს ზურგში ესროლონ“ – ასე დაასათაურა უწყებამ განცხადება, რომელიც საგარეო დაზვერვის სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ციტატა განცხადებიდან – „სერბეთის თავდაცვის ინდუსტრიის კონტრაქტორმა კომპანიებმა ასობით ათასი რეაქტიული რაკეტა, საარტილერიო ჭურვი ზალპური ცეცხლის სისტემებისა და ჰაუბიცებისთვის, ასევე მილიონობით საბრძოლო მასალა მსუბუქი იარაღისთვის შეიტანეს დასავლეთის მიერ გაჩაღებულ იმ ომში, რომელიც ევროპას სურს, საბოლოოდ დასრულდეს რუსეთის სტრატეგიული მარცხით.
ამგვარი იარაღის მიწოდება არ შეიძლება აიხსნას ჰუმანიტარული მოსაზრებებით. მათ აქვთ ერთი აშკარა მიზანი: მოკლან და დაასახიჩრონ რუსი სამხედროები და მოქალაქეები“, – ციტატის დასასრული.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ სერბი თავდაცვის მწარმოებლებისა და მათი მფარველების სურვილმა, რომ გამდიდრდნენ ძმური სლავური ხალხების სისხლზე, სრულიად დაავიწყა მათ, თუ ვინ არის მათი ნამდვილი მეგობარი და ვინ, მტერი – წერს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პრეს-სამსახური.
რუსეთისა და სერბეთის ლიდერებს საკმაოდ ახლო ურთიერთობები აქვთ. ალექსანდრ ვუჩიჩი 9 მაისს წითელ მოედანზე გამართულ აღლუმსაც დაესწრო.