მთავარიაზიაისრაელიბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო აშშ-ის წინადადება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ბენიამინ ნეთანიაჰუმ მიიღო აშშ-ის წინადადება ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მიიღო აშშ-ის ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ელჩის, სტივ ვიტკოფის წინადადება, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის და ტყვეების გაცვლის შესახებ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის და ადგილობრივი მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამის შესახებ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების ოჯახებთან შეხვედრისას განაცხადა.

თავად სტივ ვიტკოფმა კი რამდენიმე დღის წინ აღნიშნა, რომ ოპტიმისტურად იყო განწყობილი ღაზაში 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების და „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით.

მას ამ დროისთვის არ გაუსაჯაროებია თუ ზუსტად რას გულისხმობს ახალი შეთანხმება, თუმცა „ჰამასის“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, ის საბრძოლო მოქმედებებში 60-დღიან პაუზას მოიცავს. ისევე როგორც, გრძელვადიანი ზავის მიღწევის მიზნით სერიოზული მოლაპარაკებების დაწყების პირობას.

მათივე ცნობით, ვიტკოფის წინადადება გულისხმობს ისრაელის მხრიდან გარკვეულ გარანტიებსაც იმის თაობაზე, რომ იგი არ განაახლებს საომარ მოქმედებებს მძევლების გათავისუფლების შემდეგ, როგორც ეს მარტში, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღწეული თავდაპირველი შეთანხმების დროს მოხდა.

ვიტკოფის გეგმის თანახმად, 60-დღიანი პაუზის პერიოდში, „ჰამასი“ 1,100-ზე მეტი პალესტინელი მძევლის სანაცვლოდ – 10 ცოცხალ მძევალს გაათავისუფლებს. ისრაელს რამდენიმე მოქალაქის ცხედარიც გადაეცემა.

ამასთან, ყოველდღიურად, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით ასობით სატვირთო მანქანას ღაზის სექტორის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მიეცემა – სადაც ექსპერტების თქმით, თითქმის სამთვიანმა ბლოკადამ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილის ზღვარზე მიიყვანა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend