მთავარიამერიკააშშ„ქალაქში ახალი შერიფია” - დონალდ ტრამპი პუტინს „ბევრი ცუდი რამის” თაობაზე...

„ქალაქში ახალი შერიფია” – დონალდ ტრამპი პუტინს „ბევრი ცუდი რამის” თაობაზე აფრთხილებს

„პუტინი ცეცხლს ეთამაშება“, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაზე რუსეთის ბოლოდროინდელ მასშტაბურ და სასტიკ სარაკეტო იერიშებს, რომლებიც როგორც ჩანს, ვაშინგტონის გაღიზიანებას იწვევს.

20 მაისს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან თითქმის ორსაათიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთისგან „მშვიდობის მემორანდუმის“ გაგზავნის პირობა მიიღო. მემორანდუმში აღწერილი უნდა ყოფილიყო კრემლის პირობები ცეცხლის შეწყვეტისთვის. თუმცა თეთრ სახლში ჯერ არაფერი მიუღიათ.

„რესპუბლიკურ პარტიაში” უკვე ესმით, რომ მოსკოვი დროის გაწელვას ცდილობს.

„ერთი და იმავე პუტინის რუსეთისგან. ესკალაცია დეესკალაციამდე და დროის გაწელვა იმის იმედით, რომ მხარეები ინტერესს დაკარგავენ. ქალაქში ახალი შერიფია და თამაშის ძველი წესები ამჯერად აღარ იმუშავებს”, – წერს რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი.

უკმაყოფილებას არც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი მალავს. დიმიტრი მედვედევის მიერ დონალდ ტრამპის განცხადებაზე გაცემულ პასუხს, რომელშიც ის მესამე მსოფლიო ომით იმუქრება, მან დაუფიქრებელი უწოდა.

„მესამე მსოფლიო ომის შიშის გაღვივება არის მედვედევის მიერ გაკეთებული სამწუხარო, დაუფიქრებელი და ზესახელმწიფოსთვის შეუფერებელი კომენტარი. პრეზიდენტი ტრამპი ომისა და მკვლელობების შესაჩერებლად მუშაობს. ველოდებით რუსეთისგან მემორანდუმის მიღებას, რომელსაც თქვენ ერთი კვირის წინ დაგვპირდით. ახლავე შეწყვიტეთ ცეცხლი“, – წერს კიტ კელოგი.

აშშ-ის პრეზიდენტის გუნდის წევრების ასეთი ხმამაღალი განცხადებები, სავარაუდოდ, იმაზე მეტყველებს, რომ დონალდ ტრამპის მოთმინება იწურება. ის უკვე განიხილავს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას.

ჟურნალისტის კითხვაზე: „თქვენ რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრეთ. ესაა ის, რასაც უფრო სერიოზულად განიხილავთ?“

როგორც დონალდ ტრამპი პასუხობს: „ის უამრავ ადამიანს კლავს. არ ვიცი, რა სჭირს. რა ჯანდაბა დაემართა, ის უამრავ ადამიანს კლავს. მე ეს არ მიხარია“.

მკაცრი სანქციების მომხრე რესპუბლიკელი სენატორებიც არიან. მაგალითად, სენატორი ლინდსი გრემი 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითხოვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს ყიდულობენ.

კრემლში დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები მის ემოციურ ბუნებას დააბრალეს, თუმცა, როგორც ჩანს, ტრამპი აპირებს, დაანახოს რუსეთს, რომ მისი კეთილგანწყობის გარეშე „ბევრი ცუდი რამ გადახდება თავს“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend