27 მაისს ჰარვარდის სტუდენტებმა კემბრიჯში გამართეს აქცია. დემონსტრანტები პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოლიტიკას აპროტესტებდნენ.
ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდა, ჰარვარდს საერთაშორისო სტუდენტების მიღება შეეზღუდა, რამაც სტუდენტების აღშფოთება გამოიწვია.
გასულ კვირას ხელისუფლებამ ჰარვარდის ათასობით უცხოელ სტუდენტს მოუწოდა, გადავიდნენ სხვა უნივერსიტეტებში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკარგავენ აშშ-ში ყოფნის ლეგალურ უფლებას. ეს გადაწყვეტილება ამ დროისთვის შეჩერებულია – ფედერალურმა მოსამართლემ პარასკევს, 23 მაისს, სასამართლო პროცესის დაწყებამდე დროებითი შეჩერების განკარგულება გამოსცა.

ჰარვარდში დაახლოებით 7,000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, უმეტესად სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე. ახლა ისინი იძულებული არიან, დროულად მიიღონ გადაწყვეტილებები.
შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც მინისტრ კრისტი ნოემის თქმით, ჰარვარდმა ვერ უზრუნველყო უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებული დოკუმენტების სრულად წარდგენა.
„თუ ებრაელების ისტორიიდან რაიმე უნდა ვისწავლოთ, ისაა, რომ ადამიანების სასწავლო დაწესებულებებიდან დევნა მათი იდენტობის გამო მორალურად გაკოტრებული პოლიტიკის სიმპტომია. აბსურდულია ადმინისტრაციის მტკიცება, რომ თითქოს ეს პოლიტიკა ანტისემიტიზმთან საბრძოლველადაა შემუშავებული. უნდა ვიყოთ გულახდილები: ამას ანტისემიტიზმთან არაფერი აქვს საერთო. ანტისემიტიზმი რეალური პრობლემაა — ჰარვარდშიც და ზოგადად, მთელ ქვეყანაში, მაგრამ ეს პოლიტიკა ამ სიძულვილის წინააღმდეგ არაა მიმართული. პირიქით, ის მხოლოდ გვყოფს ერთმანეთისგან. ამიტომაც ვარ აქ დღეს: ჩვენ უარვყოფთ ამ ადმინისტრაციის ნარატივს“, – განაცხადა ჰარვარდის სტუდენტმა ჯეიკობ მილერმა.
ჰარვარდის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ეს ქმედება უკანონოა და აზიანებს უნივერსიტეტის კვლევით მისიას.
„სიტყვის თავისუფლება და კანონის წინაშე სამართლიანი პროცესი ამერიკული სისტემის საყრდენი პრინციპებია. ესაა თავისუფალი საზოგადოების საფუძველი. თუმცა დონალდ ტრამპი ამ თავისუფლებებს თავს იმიტომ ესხმის, რომ ისინი ხელს უშლის მის ავტორიტარულ ძალაუფლებას. ეს ზუსტად ისაა, რასაც ავტორიტარები აკეთებენ“, – ამბობს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რაიან ენოსი.
აშშ-ის მთავრობამ უკვე გააუქმა 2.6 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის კვლევითი გრანტები, რომლებიც ჰარვარდმა აქამდე მიიღო. უნივერსიტეტი არ ეთანხმება ადმინისტრაციის მოთხოვნებს და იცავს თავის პოზიციებს პოლიტიკის ცვლილებებთან დაკავშირებით.
კონტრაქტების შემცირება ჰარვარდის ბიუჯეტს საგრძნობლად შეამცირებს.