ღაზაში საომარი მოქმედებების ფონზე ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მწვავდება. პალესტინელებს ყოველდღიურად უწევთ საკვების მოპოვებისთვის ბრძოლა, რომელიც ხშირ შემთხვევაში დაპირისპირებასა და ქაოსში იზრდება.
აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა ახალმა ჰუმანიტარულმა ჯგუფმა ღაზაში დახმარების პუნქტები გახსნა, თუმცა განწირული მოსახლეობის მასობრივი მიგრაციისა და განუკითხაობის გამო სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.
მშიერმა და სასოწარკვეთილმა პალესტინელებმა შეღწევა სცადეს განაწილების ცენტრში, დაანგრიეს ღობეები, რასაც ჯართან დაპირისპირება მოჰყვა. ისრაელის ჯარებმა მალევე განმუხტეს ვითარება. ისრაელის არმიამ დაადასტურა, რომ მიმართეს გამაფრთხილებელ საშუალებებს. მათი თქმით, ცენტრის გარე პერიმეტრზე ვითარება უკვე ექვემდებარება კონტროლს.
შეტაკებების შედეგად დაიჭრა სამი პალესტინელი. ადგილობრივების თქმით, ათასობით ადამიანს, მათ შორის ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ღაზის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე კარვებიდან რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ ფეხით, რათა ცენტრამდე მიეღწიათ და მცირეოდენი საკვები მოეპოვებინათ.
“What is needed in #Gaza is a massive, unhindered, uninterrupted assistance of supply to make sure that we are reversing the trend of the spreading hunger,” @UNLazzarini tells @euronews.
Humanitarian aid should never be politicised. #CeasefireNowhttps://t.co/OIUbkmfgeO
— UNRWA (@UNRWA) May 20, 2025
ღაზის ჰუმანიტარული ფონდის საქმიანობას უკვე ღიად აკრიტიკებენ. გაეროს სააგენტოები, მათ შორის მსოფლიო სასურსათო პროგრამა და პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო ინტერესდებიან, რამდენად ეფექტიანად მუშაობს ფონდი და რა მიზნები აქვს მას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შექმნილი არეულობის მიუხედავად განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების განაწილების დამატებითი პუნქტები მალე ამოქმედდება. მისი თქმით, მათი მიზანია ჰუმანიტარული ძარცვის, როგორც „ჰამასის“ ომის იარაღის, აღმოფხვრა და ღაზის სამხრეთში ისეთი უსაფრთხო ზონის შექმნა, სადაც მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილება შეეძლება.
„ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად, რომ შექმნილიყო კონტროლირებადი განაწილების წერტილები, სადაც ამერიკული კომპანია გადასცემდა საკვებს პალესტინელებს. ეს არ არის უბრალოდ ტვირთი ფქვილის ტომრებით — ეს არის სპეციალური საკვების პაკეტი, რომელიც ერთი ოჯახის ერთკვირიან საჭიროებას უზრუნველყოფს. „ჰამასისთვის“ მისი მოპარვა ძალიან რთულია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ პუნქტებს ჩვენ ვაკონტროლებთ. ჩვენ უკვე ვცადეთ, გაგვეხსნა დახმარების ცენტრი. დღეს კიდევ ბევრს გავხსნით. იყო დროებითი ქაოსი, მაგრამ სასიხარულოდ, სიტუაცია სწრაფად აღვადგინეთ. ასეთ პუნქტებს კიდევ ბევრს შევქმნით.
იდეა მარტივია — უნდა წავართვათ „ჰამასს“ ჰუმანიტარული ძარცვის შესაძლებლობა, რომელიც მათთვის ომის იარაღია და დავუბრუნოთ დახმარება მოსახლეობას. საბოლოო მიზანია, სამხრეთ ღაზაში შევქმნათ სტერილური ზონა, სადაც მოსახლეობა უსაფრთხოების მიზნით გადავა. და მერე, როგორც უკვე აღვნიშნე… თევზს დავტოვებთ წყლის გარეშე — „ჰამასის“ ტერორისტებს დავტოვებთ მმართველობის გარეშე, რადგან სწორედ ჰუმანიტარული დახმარება იყო მათი ბერკეტი. სწორედ ამას ვართმევთ მათ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამავე დროს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უარყოფს კრიტიკას ამერიკული ფონდის მისამართით. სპიკერმა ტემი ბრიუსმა ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნებისმიერი ფორმით დახმარების მიწოდება ახლა პრიორიტეტულია და ფონდის წინააღმდეგ ბრალდებები უსაფუძვლოა.
„ჩვენ ვიცოდით, რომ გარკვეული ციფრები არსებობდა. ყველა კონკრეტული მონაცემის მიწოდება მაშინ არ შეგვეძლო, მაგრამ ახლა დამატებითი ინფორმაცია გვაქვს. ღაზიდან სასიხარულო ამბავი გვაქვს — მიხარია, რომ მეკითხებით და შეგვიძლია ვისაუბროთ იმ რაოდენობაზე, რომელიც უკვე ჩასულია ჰუმანიტარული დახმარების მიზნით. „ღაზის ჰუმანიტარულმა ფონდმა“ დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით დაიწყო სიცოცხლის შემანარჩუნებელი დახმარების მიწოდება იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ეს სასწრაფოდ ესაჭიროებათ.
ამ ეტაპზე დაახლოებით 8,000 სასურსათო ყუთი გადაეცა მოსახლეობას. თითოეული ყუთი საკმარისია 5 ადამიანის სამდღიან კვებაზე, რაც ჯამში 462,000 კერძს შეადგენს. ვფიქრობ, სწორედ ასეთ მონაცემებზე უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს, როცა ვსაუბრობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი დახმარების მიწოდება ამ რეგიონში.
ფაქტია, რომ „ჰამასი“ ეწინააღმდეგება ამ პროცესს. მათ სცადეს დახმარების შეჩერება ღაზაში და განაწილების ცენტრებამდე მისვლის დაბლოკვა. ვერ მოახერხეს, მაგრამ მცდელობა ნამდვილად იყო. რეალობა ის არის, რომ დახმარება მაინც აღწევს ადგილზე. ასეთ პირობებში არ არის გასაკვირი, პრობლემები რომ ჩნდება, თუმცა კარგი ამბავია, რომ ის, ვინც ცდილობს დახმარების მიწოდებას ღაზის მოსახლეობისთვის და ეს „ჰამასი“ არ არის — ამ საქმეში წარმატებას აღწევს“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ტემი ბრიუსი.
ღაზაში არსებული ქაოსი ადასტურებს, რომ ჰუმანიტარული კრიზისი პოლიტიკური დაპირისპირების ფონზე სულ უფრო მწვავდება. საერთაშორისო ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიტიკოსები განსხვავებულად უყურებენ დახმარების მართვის პროცესს, თუმცა ყველა თანხმდება ერთზე — ის ტრაგედია, რომელიც ღაზაში ყოველდღიურად ვითარდება, საჭიროებს სწრაფ, ეფექტიან და უპირობო რეაგირებას.