მთავარიევროპაუკრაინარუსეთმა უკრაინაზე 367 დრონითა და რაკეტით მასშტაბური იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე 367 დრონითა და რაკეტით მასშტაბური იერიში მიიტანა

გასული ორი დღის განმავლობაში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და ქვეყნის სხვა რეგიონებზე რუსეთმა მასშტაბური სარაკეტო იერიშები მიიტანა. დაღუპულია 13, ხოლო დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.

კიევის დასავლეთით, ჟიტომირის რეგიონში რუსეთის სარაკეტო იერიშს სამი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ჩერნიგოვის რაიონში თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის თქმით, რუსეთმა უკრაინას 367 დრონითა და რაკეტით დაარტყა, რაც სამწლიანი ომის განმავლობაში ამ სახის ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა. თავდასხმის შედეგად სრულად განადგურდა საცხოვრებელი სახლები და კორპუსები.

უკრაინაზე მორიგ სასტიკ თავდასხმას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. მისივე სიტყვებით, პუტინი გაგიჟდა.

„ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმერ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა. ის აბსოლუტურად გაგიჟდა! ის ტყუილად კლავს უამრავ ადამიანს და მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ჯარისკაცებზე. რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინის ქალაქებში ყოველგვარი მიზეზის გარეშე ისვრიან. ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთელი უკრაინა სურს, არა მხოლოდ მისი ნაწილი და თუ ეს მართლა ასე იქნება, ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს! ანალოგიურად, პრეზიდენტი ზელენსკის ნაბიჯებსაც მისი ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ მოაქვს. მისი პირიდან წამოსული ყველა სიტყვა პრობლემებს იწვევს, ეს არ მომწონს და სჯობს გაჩერდე. ესაა ომი, რომელიც არ დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ესაა ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომი და არა „ტრამპის“, მე უბრალოდ დიდი და მახინჯი ხანძრის ჩაქრობაში ვეხმარები, რომელიც უხეში არაკომპეტენტურობითა და სიძულვილით დაიწყო“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დაღუპულთა ხსოვნისთვის, მემორიალი საკუთარი ხელით შექმნეს და ყვავილებითა და სათამაშოებით შეამკეს. თვითმხილველები შემთხვევას იხსენებენ.

“დასაძინებლად წავედით. საჰაერო განგაშის სიგნალი გაითიშა. ჩვენი ძაღლები სახლში შემოსვლას ითხოვდნენ და შემოვუშვით. ისინი დაიწვნენ. მათი დამარხვა მინდა, მაგრამ ჯერ არ მიშვებენ”, – ამბობს ადგილობრივი, ივან ფედორენკო.

“აფეთქების ხმა გავიგეთ. ჩემი და აქ ცხოვრობდა. დილით დამირეკეს ვარაუდით, რომ მის სახლს დაარტყეს. მივედით და ორი სრულიად დანგრეული კორპუსი დავინახეთ. ჩემი და და მისი ქმარი რეანიმაციაში იმყოფებიან, შვილები დაიღუპნენ”, – ამბობს ადგილობრივი, იჰორ რუდაკოვი.

თავდასხმების პარალელურად, დასრულდა 1000 სამხედრო ტყვის გაცვლის პროცესი. ამ შეთანხმებას რუსულმა და უკრაინულმა მხარეებს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებისას მიაღწიეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend