უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის დანაკარგებმა 1 მილიონ ჯარისკაცს მიაღწია. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
კიევი არ აკონკრეტებს, ამ რიცხვში შედის თუ არა დაჭრილთა რაოდენობა, თუმცა, სავარაუდოდ, იგულისხმება დაღუპულები, დაჭრილები, უგზო-უკვლოდ დაკარგულები და დატყვევებულები.
2022 წლის 24 თებერვალს მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინა ყოველდღიურად აკვირდება რუსული ჯარისა და აღჭურვილობის დანაკარგს. აღსანიშნავია, რომ უკრაინა და რუსეთი საკუთარი დანაკარგის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ 2022 წლის შემდეგ ბრძოლის ველზე 46 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა. მან ასევე თქვა, რომ თითქმის 380 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაშავდა და ათობით ათასი დაკარგული ან რუსების ტყვეობაშია.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გასული წლის ბოლოს გაამხილა, რომ სამინისტრომ 48000 განაცხადი მიიღო დაკარგული ჯარისკაცების ნათესავებისგან დნმ-ის ანალიზისთვის.
