მთავარიევროპაუკრაინა„მარიუპოლი სამუდამოდ ჩემს გულში” - ევრონიუსი აზოვსტალის მცველებს ესაუბრა

„მარიუპოლი სამუდამოდ ჩემს გულში” – ევრონიუსი აზოვსტალის მცველებს ესაუბრა

უკრაინის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, მარიუპოლის, დაცემიდან სამი წელი გავიდა. ევრონიუსი ესაუბრა აზოვის დამცველებს, რომლებიც ქალაქის დასაცავად 86 დღის განმავლობაში თავგანწირვით იბრძოდნენ.  სამი წლის შემდეგ ისინი იმ მოვლენებს იხსენებენ, რასაც მაშინ მთელი მსოფლიო აკვირდებოდა.

2022 წლის მაისში 2000 ათასზე მეტმა უკრაინელმა ჯარისკაცმა დანებების ბრძანება მიიღო. ისინი 86 დღის განმავლობაში იცავდნენ ალყაში მოქცეულ ქალაქ მარიუპოლს, შემდეგ კი რუსეთის ციხეებში სიცოცხლისთვის იბრძოდნენ.

აზოვსტალი თავდაპირველად მოსასვენებელ, მარაგების შევსებისა და რეორგანიზაციის ბაზას წარმოადგენდა, მაგრამ მალევე ქალაქის უკანასკნელ ციხესიმაგრედ იქცა. თითქმის სამი თვის განმავლობაში, ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი აზოვსტალის ფოლადის ქარხნის ბუნკერებსა და გვირაბებში მტრის თავდასხმას იგერიებდა. აზოვსტალის მცველები რუსული აგრესიისადმი წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცნენ.

„მარიუპოლისა და აზოვსტალის დაცვის ბოლო ორი კვირა ჩემთვის გასაკვირად მარტივი ჩანდა. მე უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ჩემი მოვალეობის შესრულებისას უნდა დავღუპულიყავი.  ეს ასე მარტივია. ჯარისკაცები გამიგებენ. როდესაც აცნობიერებ, რომ შენი მეგობრების ნახევარზე მეტი დაღუპულია, იცი, რომ შემდეგი შენ ხარ და სრულ სიმშვიდეს გრძნობ. შავ პარკში ჩემი საუკეთესო მეგობრის ცხედარი დავინახე. სრულიად მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი: დღეს ის იქნება, ხვალ კი მე. ან იქნებ ხუთ წუთში…” – ჰყვება ვლადისლავ ჟაივორონოკი, აზოვსტალის მცველი.

ვლადისლავ ჟაივორონიკი გადარჩა, თუმცა მძიმედ დაშავდა,  როდესაც მის ჯგუფს ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ესროლეს.

„ფეხი დავკარგე, დროებით მხედველობა დავკარგე ცალ თვალში, მრავლობითი ჭრილობა მივიღე ნამსხვრევებით, მაგრამ ვერ მომკლეს. ექიმმა ნინამ უარი თქვა ჩემი სხეულის პარკში ჩადებაზე. მან გადაწყვიტა გაეგრძელებინა ჩემი გადარჩენა და ეს გამოუვიდა. სწორედ ამიტომ ვარ ცოცხალი“, – ამბობს ვლადისლავ ჟაივორონოკი, აზოვსტალის მცველი.

როგორც აზოვსტალის მცველები იხსენებენ, მარიუპოლში გამგზავრებამდე ისინი გააფრთხილეს, რომ შესაძლოა იქიდან ვეღარ გამოეღწიათ, თუმცა ამას ჯარისკაცებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ საკუთარი ქალაქი დაეცვათ.

მებრძოლები ჰყვებიან, რომ ამ ოპერაციის შესრულებისას მარიუპოლში ათზე მეტი Mi-8 ტიპის ვერტმფრენი მონაწილეობდა. მათ მინიმალურ სიმაღლეზე, ტყის ზოლს ქვემოთ, მოუწიათ ფრენა, რათა რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ აღმოეჩინათ. მტრის ინტენსიური საზენიტო ცეცხლის გამო სამი თვითმფრინავი დაიკარგა, თუმცა მისია შესრულდა. ოპერაციის წყალობით, უკრაინულმა ძალებმა 64 დაჭრილის ევაკუაცია და 30 ტონა ტვირთის გადატანა მოახერხეს.

ანატოლი ბასენკო, აზოვსტალის მცველი Provided by Heart of Azovstal

„ხალხი გაამხნევა იმ ფაქტმა, რომ კიევიდან ჯარისკაცები ჩაფრინდნენ, მიუხედავად იმისა, კარგად იცოდნენ, სინი, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდებოდნენ“, – იხსენებს ანატოლი ბასენკო, აზოვსტალის მცველი.

მძიმედ დაიჭრა ანატოლი ბასენკოც, მას ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. მისი ჯგუფის 10 ჯარისკაციდან ოთხი უვნებელი დარჩა, სამი დაიჭრა და სამი დაიღუპა. გადარჩენილებმა აზოვსტალის კომპლექსს გვიან ღამით მიაღწიეს. 2022 წლის 16 მაისს აზოვსტალის დამცველებს დანებება უბრძანეს. ბასენკო სხვებთან ერთად რუსებმა ტყვედ აიყვანეს.

უკრაინელი ჯარისკაცები აზოვსტალის ქარხანაში, მარიუპოლი, 7 მაისი, 2022 წელი Dmytro Kozatsky/Copyright 2022 The AP. All rights reserved

მაშინ უკრაინის მთავრობამ პირობა დადო, რომ „ყველაფერს გააკეთებდა“ დაუზუსტებელი რაოდენობის ჯარისკაცების გადასარჩენად, მაგრამ მათი ბედი თავიდან გაურკვეველი რჩებოდა.

დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ, 29 ივნისს, აზოვსტალის 485 დამცველი გაათავისუფლეს, ხოლო დაახლოებით 850 რუსეთის ციხეებში რჩება. ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე კვლავ რუსეთის ტყვეობაშია.

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ ათიდან ცხრა უკრაინელი სამხედრო ტყვე წამებისა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლია.

„მსოფლიომ უნდა იცოდეს, თუ როგორ ექცევა რუსეთი სინამდვილეში უკრაინელ სამხედრო ტყვეებს. არა მგონია, დასავლეთმა სრულად გაიგოს იმ დანაშაულის შესახებ, რომელსაც რუსეთი სჩადის“, – ამბობს ანატოლი ბასენკო, აზოვსტალის მცველი.

ანატოლი ბასენკო თანამებრძოლებთან ერთად Heart of Azovstal

2022 წელს რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, მარიუპოლში, უკრაინის უდიდეს ქალაქში  დაახლოებით ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. საპორტო ქალაქში რუსეთი პირველად 2014 წელს შეიჭრა, თუმცა უკრაინულმა ძალებმა მისი დაცვა მოახერხეს. რვა წლის შემდეგ მოსკოვმა კვლავ შეუტია ქალაქს, აზოვის დამცველების თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად განზრახვა სისრულეში მოიყვანა და ქალაქის ოკუპაცია მოახდინა.

ანატოლი ბასენკოს თქმით, მარიუპოლი სამუდამოდ დარჩება მის გულში, როგორც ლამაზი, თვალწარმტაცი ქალაქი. მას ერთ დღესაც უნდა, რომ მარიუპოლში უკრაინის დროშით დაბრუნდეს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend