მთავარიამერიკააშშ„პუტინს არაფერი მიუღია” - რუბიო ცდილობს, დაიცვას ტრამპის საგარეო პოლიტიკა კონგრესში

„პუტინს არაფერი მიუღია” – რუბიო ცდილობს, დაიცვას ტრამპის საგარეო პოლიტიკა კონგრესში

ყოფილ კოლეგებთან მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის სტატუსით დაბრუნდა. კაპიტოლიუმის შენობის ზედა და ქვედა პალატებში საგარეო კომიტეტები პირადად მის მოსასმენად შეიკრიბა.

მთავარი საკითხი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის, მთავარი კითხვა კი შეჩერებული საგარეო დახმარებების ირგვლივ ისმოდა. ამის გამო ტრამპის ახალ ადმინისტრაციას ბევრი აკრიტიკებს. სახელმწიფო მდივანმა არგუმენტების წარმოდგენა სცადა.

„მომწიფებული საგარეო პოლიტიკა ითხოვს ინტერესთა ბალანსს. ეს უბრალოდ ფაქტია. ჩვენი ადამიანის უფლებათა დღის წესრიგი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვანაირი იქნება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ისინი მივატოვეთ როგორც ადამიანები, ეს ნიშნავს რომ საგარეო პოლიტიკაში  შემოგვაქვს ბალანსი. ამას ემსახურებოდა საგარეო დახმარების პროგრამებში ცვლილებები, რომელთაგანაც ზოგიერთი შეიძლება ძალიან კარგი იყო, მაგრამ ზოგიერთი უბრალოდ აზრს იყო მოკლებული. რეფორმები საჭიროა. ჩვენ შეგვიძლია ადამიანებს სხვა გზებითაც დავეხმაროთ. ამგვარი საგარეო პოლიტიკა დაეხმარება ამერიკას გახდეს უფრო ძლიერი, უსაფრთხო და ჰქონდეს მეტი კეთილდღეობა”,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა,მარკო რუბიო.

ამერიკის 100 სენატორიდან 80-ზე მეტი რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესების მომხრეა – თუ ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებათა მაგიდასთან მიყვანა ვერ მოხერხდა. დონალდ ტრამპისა და მისი რუსი კოლეგის ბოლო სატელეფონო საუბარმა კი კანონმდებლებს დაუტოვა განცდა, რომ ეს არასოდეს მოხდება.

სწორედ ამიტომ საგარეო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრი, ჯინ შაჰინი დაინტერესდა, საჭიროების შემთხვევაში ექნება თუ არა აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა სენატის იმ დოკუმენტს, რომელიც რუსეთისთვის გამანადგურებელი ამერიკული სანქციების დაწესებას მოითხოვს.

მარკო რუბიო: “ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ კონგრესს და ეს რუსებს უკვე ვუთხარით. ახლა კი არა – 6 კვირის წინ. ამასთან თითოეული სანქცია, რომელიც წინა ადმინისტრაციის დროს რუსეთზე დაწესდა მუშაობს და არცერთი მათგანი არ მოხსნილა. ჩვენ იგივე ბერკეტები გვაქვს, რაც წინა ადმინისტრაციას ჰქონდა”.

სენატორი ჯინ შაჰინი: შეგეკამათებით, რომ ნატოს წევრობის მაგიდიდან აღება იგივე ბერკეტია. ან უკრაინელებისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა თუ სამხედრო დახმარების  შეჩერება.

მარკო რუბიო: ეს გაგრძელდა მხოლოდ 1 კვირა.

სენატორი ჯინ შაჰინი: მზად ხართ უკრაინას მიაწოდოთ ის, რაც მას სჭირდება?

მარკო რუბო: ეს სხვა საკითხია, რომელსაც არა მე, არამედ თეთრი სახლი წყვეტს. უკრაინა ითხოვს საჰაერო თავდაცვასა და პეტრიოტების სისტემებს, რაც გულწრფელად გითხრათ არ გვაქვს. მაგრამ ვმუშაობთ ნატოელ მოკავშირეებთან,რომლებსაც ამგვარი ელემენტები გააჩნიათ. ამასთან, არცერთ მათგანს არ სურს ამ სისტემების გაცემა. არ არსებობს ამ კრიზისის სამხედრო გადაწყვეტა და ის უნდა დასრულდეს მოლაპარაკებებით.  რუსეთს სურს ის რაც მას ამ წუთას ხელში არ უჭირავს, უკრაინას კი ის, რასაც სამხედრო გზით ვერ დაიბრუნებს. ესაა გამოწვევა.

სენატორი ჯინ შაჰინი: მე არ გეწინააღმდეგებით, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინი იგებს დროს და თამაშობს პრეზიდენტით. რაც უფრო დიდი ხანი გაგრძელდება ეს, მით მეტ ტერიტორიას მიიტაცებს უკრაინაში და მეტად გაჭირდება მისი მაგიდასთან დასმა. ახლაა საჭიროა ზეწოლა.

მარკო რუბიო: არ გეთანხმებით, რომ პუტინი პრეზიდენტით  თამაშობს. ამ დილით პუტინმა გაიღვიძა იგივე სანქციების ქვეშ, როგორიც აქამდე ჰქონდა, უკრაინამ კი კვლავ მიიღო დახმარება,რომელსაც აქამდე იღებდა. პრეზიდენტი უბრალოდ ცდილობს სისხლიანი ომის დასრულებას. პუტინს არაფერი მიუღია.

სენატორი ჯინ შაჰინი: მან მიიღო დრო.

მარტივი არ ყოფილა არც წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უკრაინა იმ სტრატეგიულ საკითხებთან ერთად განიხილებოდა, როგორიცაა ჩინეთის ზეგავლენის ზრდა, ირანის ბირთვული პროგრამა, ახლო აღმოსავლეთი თუ პოტენციური დაძაბულობა ოკეანეთის ქვეყნებში. ამ საკითხებზე საუბრისას მარკო რუბიო უფრო თამამი იყო, ვლადიმერ პუტინზე დასმული მორიგი შეკითხვა და პასუხი კი დიპლომატიური უნარების ტესტს უფრო ჰგავდა.

კონგრესმენი ბილ კიტინგი : არის თუ არა რუსეთი აგრესორი ამ ომში?

მარკო რუბიო: რუსეთი შეიჭრა უკრაინაში.

ონგრესმენი ბილ კიტინგიი: ანუ, ისინი არიან აგრესორები ამ ომში, სწორია?

მარკო რუბიო: ისინი შეიჭრნენ, დიახ.

კონგრესმენი ბილ კიტინგი: გმადლობთ, სერ. სიცხადე მნიშვნელოვანია, რადგან პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიწყო ეს ომი. მეორე: პირი, რომელთანაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ – ვლადიმირ პუტინი არის თუ არა ომის დამნაშავე?

მარკო რუბიო: შეგვიძლია შევხედოთ მაგალითებს, რაც ხდება და ნამდვილად დავახასიათოთ ისინი, როგორც ომის დანაშაულები, თუმცა ჩვენი განზრახვაა ომის დასრულება.

კონგრესმენი ბილ კიტინგი: არის თუ არა ის ომის დამნაშავე?

მარკო რუბიო: ჩვენ ვერ დავასრულებთ ომს ბატონ პუტინთან საუბრის გარეშე.

კონგრესმენი ბილ კიტინგი: საკმაოდ მარტივია. არის თუ არა ის ომის დამნაშავე, რომელთანაც მოლაპარაკებები გაქვთ – ვლადიმირ პუტინზე გესაუბრებით?!

მარკო რუბიო: ვცდილობ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას და ვამბობ, რომ ჩვენ ვცდილობთ ომის დასრულებას. არ არის მარტივი ამაზე პასუხი.

კონგრესმენი ბილ კიტინგი: თქვენ ბუნდოვანს ხდით საკითხს. უბრალოდ, შეკითხვას უპასუხეთ.

მარკო რუბიო: შეკითხვას ვპასუხობ და ვამბობ, რომ ომის დანაშაულები, ეჭვგარეშეა, იყო ჩადენილი და იმის დასადგენად, ვინ არის პასუხისმგებელი, იქნება ანგარიშვალდებულების დრო და ადგილი. მაგრამ ახლა საქმე არის ომის დასრულება.

კონგრესმენი ბილ კიტინგი: არ გითქვამთ არის თუ არა ის ომის დამნაშავე. გახსოვთ, რა უთხარით წარსულში სახელმწიფო მდივნად ნომინირებულ ტილერსონს? თქვენ მას უთხარით, რომ ძალიან იმედგაცრუებული იყავით მისი უუნარობით, ეღიარებინა, რომ პუტინი ომის დამნაშავე იყო. ახლა ვეღარ არქმევთ მას ომის დამნაშავეს?

მარკო რუბიო: არ მომეცით შესაძლებლობა პასუხის გაცემის.

უკრაინა არ ყოფილა დისკუსიების ერთადერთი საგანი საგარეო კომიტეტების სხდომაზე. რუსეთის გარდა საფრთხეების კატეგორიებში განიხილებოდა ირანის ბირთვული პროგრამა, რომელიც სახელმწიფო მდივნისთვის მისაღები მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება,თუ მას სამოქალაქო დატვირთვით გამოიყენებენ.

ისაუბრეს ჩინეთზეც, რომლიდან მომდინარე საფრთხეებიც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის იშვიათი თანხმობის საგანია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend