97 წლის ჟაკლინ კიმელსტილის ოცნება ახდა, მან კოლეჯში ჩააბარა.
კიმელსტილს, რომელიც ერთ დროს ჰოლოკოსტსაც კი გადაურჩა, ბრონქსში არსებული მოხუცთა თავშესაფრისა და უნივერსიტეტის წყალობით, ერთი დღით სტუდენტის სტატუსი მიენიჭა.
„ჩვენ ახლახან დავიწყეთ პროგრამა „ოქროს ოცნებები“ და ჟაკლინი ჩვენი პირველი მონაწილეა. მან გვითხრა, თუ რამდენად აწუხებდა ის ფაქტი, რომ 12 წლის შემდეგ სკოლაში სწავლა ვეღარ გააგრძელა და ჩვენ ვიფიქრეთ — რატომაც არა? ეს ის შემთხვევაა, როცა შეგვიძლია მას დავეხმაროთ“, – ამბობს ვენდი შტაინბერგი, პროგრამის ერთ-ერთი ორგანიზატორი.
გერმანიაში დაბადებული კიმელსტილის ოჯახი საფრანგეთში გაიქცა, როცა თვითონ 5 წლის იყო, რათა ადოლფ ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმისგან თავი დაეღწიათ. ოჯახმა გვარი შეიცვალა და ფრანგული ენა ისწავლა, რათა საზოგადოებაში მალევე ინტეგრირებულიყვნენ. 12 წლის ასაკში ჟაკლინს სკოლაში სიარულის შეწყვეტა მოუწია, — ეშინოდათ, არ გამოაშკარავებულიყო მისი ებრაული წარმომავლობა.
„სკოლაში სიარული არ შემეძლო, რადგან ებრაელი ვიყავი. მათ არ სურდათ, რომ ებრაელებს განათლება მიეღოთ და სწორედ ამიტომ, 12 წლის შემდეგ აღარც მისწავლია. ეს ყველაფერი ძალიან მაწუხებდა, რადგან სხვა ბავშვებთან ერთად სკოლაში სიარულის საშუალება თითქმის არ მომეცა. წერა-კითხვა დამოუკიდებლად ვისწავლე. ვიცი, რომ ჩემი საყვარელი ქმარი ძალიან იამაყებდა ჩემით. ის ყოველთვის გვერდით მედგა“, – ამბობს ჟაკლინ კიმელსტილი, სტუდენტი.
1947 წელს, ჟაკლინის 20 წლის იუბილეზე, ოჯახი შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. იქ ჟაკლინი თავის მომავალ მეუღლეს, ალბერტს შეხვდა და ოჯახი შექმნა. თუმცა, სკოლაში აღარასდროს დაბრუნებულა.
შვილიშვილების თანხლებით კიმელსტილს ბრონქსში, მაუნთ სენტ-ვინსენტის უნივერსიტეტის პროფესორებსა და სტუდენტებთან ერთი დღით სწავლის უფლება მიეცა.
„სამწუხაროდ, ჰოლოკოსტის გამო დედას განათლება 12 წლის ასაკში შეწყდა და ვერასდროს შეძლო წინსვლა. ის ყოველთვის ძალიან, ძალიან ნანობდა, რომ უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო“, – თქვა ფრედ კიმელსტილმა, ჟაკლინ კიმელსტილის შვილმა.
ჟაკლინი დაესწრო ინგლისური და ფრანგული ლიტერატურის ლექციებს, წაიკითხა ლექსები და ფრანგულად ისაუბრა პროფესორებთან — ენაზე, რომელიც წლების განმავლობაში აღარ გამოუყენებია.
ლექციების შემდეგ ჟაკლინი კალათბურთის მატჩსაც დაესწრო.
დღის ბოლოს კი, მას სიმბოლურად კოლეჯის დამთავრების აღმნიშვნელი სერტიფიკატი გადაეცა ყველა იმ ოფიციალური ატრიბუტით, რომლებიც კურსდამთავრებულის ცერემონიას სდევს თან.