„თეირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების შეწყვეტას” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ ხაზი გაუსვა ქვეყნის შეუვალ პოზიციას აშშ-სთან ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების დროს.
მიუხედავად მრავალრაუნდიანი მოლაპარაკებებისა, შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ ეტაპზე მხოლოდ მომდევნო შეხვედრაში მონაწილეობას განიხილავს. მისივე თქმით, ირანი არასდროს გადაუხვევს დიპლომატიურ გზას, თუმცა ამავე დროს აცხადებს, რომ ირანი ურანის გამდიდრებაზე უარს არასდროს იტყვის.
„რამდენჯერაც არ უნდა ისაუბრონ ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ურანის გამდიდრებაზე, ეს ფაქტს ვერ შეცვლის. ჩვენი პოზიცია მკაფიოა. ეს უკვე ნათლად ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: იქნება თუ არა შეთანხმება, ურანის გამდიდრება ირანში მაინც გაგრძელდება.
მოლაპარაკება რომ გაიმართოს, ჩვენი წინაპირობაა: გამჭვირვალობა, ნდობის განმტკიცებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება და მუქარისა და სანქციების მოხსნაა. თუ ისინი სხვა რამეს მოითხოვენ, მაგალითად, ჩვენს მშვიდობიან ბირთვულ საქმიანობაში ჩარევას, ბუნებრივია, ეს მიუღებელი იქნება. ამას ვერ დავუშვებთ.
რაც შეეხება მოლაპარაკებებს, ამჟამად განვიხილავთ, მივიღოთ თუ არა მონაწილეობა მომდევნო რაუნდში. დიპლომატიას ჩვენ არასდროს ვღალატობთ. ყოველთვის მზად ვართ მოლაპარაკებისთვის. ჩვენი მთავარი მიზანი ამ პროცესში ირანელი ხალხის უფლებების დაცვაა“, – განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ.