კატეგორიები

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დაუპირისპირდა

დონალდ ტრამპი თეთრ სახლში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს დაუპირისპირდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსას შეხვდა. შეხვედრა მშვიდად დაიწყო, თუმცა მალევე დისკუსია ლიდერებს შორის უთანხმოებაში გადაიზარდა.

პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში გამართული შეხვედრა სირილ რამაფოსასთან დაპირისპირებისთვის გამოიყენა და ქვეყანა თეთრკანიანი ფერმერების სისტემატური მკვლელობის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებზე რეაგირების არქონაში დაადანაშაულა.

ტრამპმა ოვალური კაბინეტის განათებაც კი ჩააქრო, რათა რამაფოსასთვის კადრები ეჩვენებინა, სადაც ისმის სიმღერა ტექსტით „მოკალით ფერმერი“.

მან ასევე წარადგინა სტატიები, ფოტო და ვიდეო-მასალა, სადაც მისი თქმით მოკლული თეთრკანიანი ფერმერების სამარხებია ასახული.

„თანამდებობის პირები ამბობენ, რომ თეთრკანიან ფერმერებს კლავენ და მათ მიწებს იტაცებენ. სწორედ ესაა საქმე. მყავს მეგობრები, რომელთაც სამხრეთ აფრიკა დატოვეს.  ამბობენ, რომ იქ ჩასვლა არ შეიძლება. მიწას მოგტაცებენ და მოგკლავენ. ეს საშინელი ამბავია. ამაზე უნდა ვისაუბროთ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ცოტა ხნის წინ მოკლეს. არ ვიცი, ამაზე მეტად როგორ უნდა დამძიმდეს ვითარება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

რამაფოსას განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მრავალპარტიული დემოკრატიაა, სადაც ადამიანებს აზრის თავისუფლად გამოხატვა შეუძლიათ;

ქვეყანაში კრიმინალის პრობლემა არსებობს, თუმცა როგორც წესი, დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლები მეტწილად არა თეთრკანიანი, არამედ შავკანიანი მოქალაქეები ხდებიან.

”ნება მომეცით განგიმარტოთ. ის გამოსვლები რაც თქვენ იხილეთ, არ წარმოადგენს სახელმწიფო პოლიტიკას. სამხრეთ აფრიკაში ჩვენ მრავალპარტიული დემოკრატია გვაქვს, რომელიც ხალხს საშუალებას აძლევს გამოხატონ საკუთარი თავი. პარტიებს აქვთ საშუალება დაიცვან თავიანთი პოლიტიკა და ხშირ შემთხვევაში, მათი მიდგომები მთავრობის პოლიტიკას არ შეესაბამება. ჩვენ მთავრობის ხედვა სრულად ეწინააღმდეგება იმას, რასაც ეს პირები ამბობენ. ისინი ვიწრო უმცირესობას წარმოადენენ, მაგრამ მათი ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, უფლება აქვთ იარსებონ”, – განაცხადა სირილ რამაფოსამ.

როგორც სამხრეთ აფრიკელი ექსპერტები ამბობენ, არ არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ თეთრკანიანები რასის გამო სისტემური ძალადობის მსხვერპლები ხდებიან, რადგან ქვეყანაში დანაშაულის ძალიან მაღალი მაჩვენებელია და კრიმინალური ქმედებების სამიზნე ნებისმიერი რასის წარმომადგენელი შეიძლება აღმოჩნდეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპი მოწვეულ ლიდერს დაუპირისპირდა. თებერვალში, უშედეგოდ დასრულდა მისი შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც, რომელიც მედიის თანდასწრებით მწვავე შელაპარაკებაში გადაიზარდა.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები