კატეგორიები

ევროკავშირმა სირიისთვის სანქციების გაუქმებასა და ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა სირიისთვის სანქციების გაუქმებასა და ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა სირიისთვის სანქციების გაუქმებასა და ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას მხარი დაუჭირა.

ამის შესახებ განცხადება 20 მაისს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა გააკეთა.

მისი თქმით, სიცოცხლის გადარჩენა ევროკავშირის მთავარი პრიორიტეტია და ღაზაში „კატასტროფული ვითარების“ გამო მინისტრებმა ისრაელთან ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის გადახედვა მოითხოვეს.

„ღაზაში კატასტროფული მდგომარეობაა. ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ისრაელმა დაუშვა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, მაგრამ ეს წვეთია ოკეანეში. დახმარება უნდა მიეწოდოთ დაუყოვნებლივ, დაბრკოლების გარეშე და მასშტაბურად, რადგან ეს საჭიროა. ეს პუნქტები ისრაელელებთან მოლაპარაკების დროსაც ჩამოვთვალე. ასევე ვესაუბრე გაეროსა და რეგიონულ ლიდერებს. მდგომარეობის შესაცვლელად ზეწოლაა საჭირო. დღევანდელი ჩვენი დისკუსიიდან ირკვევა, რომ უმრავლესობა ისრაელთან ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის გადახედვის მომხრეა. ამრიგად, ჩვენ ამ პროცესს დავიწყებთ და ამავდროულად, დახმარების მიწოდების აღდგენა უკვე ისრაელზეა. სიცოცხლეების გადარჩენა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს“, – ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

გაეროს ინფორმაციით, ორი მილიონი მცხოვრებიდან ბევრი შიმშილობს, ხოლო ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ დახმარებას არ უშვებს. ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ათობით სატვირთო მანქანას დართეს ნება, ღაზის სექტორში დახმარება შეეტანათ.

კაია კალასმა ისაუბრა სირიაზეც. მან აღნიშნა, რომ სანქციები გაუქმდება, თუმცა ისინი დააკვირდებიან სირიის პროგრესს და საჭიროების შემთხვევაში, სანქციებსაც აღადგენენ.

„ვფიქრობ, სირიელ ხალხს შანსი უნდა მივცეთ“, – ამბობს კაია კალასი.

„სირიაზე მინისტრები შეთანხმდნენ, რომ გააუქმონ ყველა ეკონომიკური სანქცია და შეინარჩუნონ ისინი, რომლებიც ასადის რეჟიმსა და ადამიანის უფლებების დარღვევასთანაა დაკავშირებული. ეს გადაწყვეტილება შექცევადია და პროგრესზეა დამოკიდებული. შეუძლებელია მშვიდობის მიღწევა ეკონომიკური განვითარების გარეშე და სტაბილური სირია ყველას გვჭირდება. ყველაფერი იდეალურია? არა, ეს ასე არაა და აშკარაა. თუმცა ვფიქრობ, რომ სირიელ ხალხს შანსი უნდა მივცეთ“, – ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი.

კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მოსკოვზე ზეწოლას გააძლიერებს და ისინი უკვე სანქციების ახალ პაკეტზე მუშაობენ.

„ამრიგად, სანქციების გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე მნიშვნელოვანია და აფერხებს რუსეთის შესაძლებლობებს ომის წარმართვაში. ევროპის ეკონომიკაზე სანქციების გავლენა შეზღუდულია, რადგან ჩვენ ჩვენი ენერგორესურსები გავამრავალფეროვნეთ. შესაბამისად, მინისტრებმა სანქციების მომდევნო პაკეტის სწრაფად მომზადება ითხოვეს. ჩვენ ვთქვით, ვგულისხმობ, რომ ბევრმა ქვეყანამ თქვა – თუ რუსეთი არ დასთანხმდება ცეცხლის უპირობო შეწყვეტას, მეტი ზეწოლა იქნება. რა თქმა უნდა, სანქციების მომდევნო პაკეტზე მუშაობაა ის ზეწოლა, რომლის განხორციელებაც შეგვიძლია“, – ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.

ევროკავშირის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 20 მაისს შედგა.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები