კატეგორიები

დონალდ ტრამპმა „ოქროს გუმბათის” სარაკეტო თავდაცვის სისტემა წარადგინა

დონალდ ტრამპმა „ოქროს გუმბათის” სარაკეტო თავდაცვის სისტემა წარადგინა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ მედიას წარუდგინა „ოქროს გუმბათის“ სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც მისი თქმით, 175 მილიარდი დოლარი დაჯდება და მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სამი წლის განმავლობაში შეიქმნება.

„საარჩევნო კამპანიის დროს ამერიკელ ხალხს უახლეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ფარს დავპირდი, რათა სამშობლო უცხო ქვეყნის სარაკეტო თავდასხმისგან დამეცვა და ესაა ის, რასაც ვაკეთებთ. დღეს მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ოფიციალურად შევარჩიეთ დიზაინი უახლესი სისტემისთვის, რომელიც განათავსებს ახალი თაობის ტექნოლოგიებს ხმელეთზე, ზღვასა და კოსმოსში, მათ შორის კოსმოსურ სენსორებსა და გამანადგურებელ გზაგადამჭრელებს. კანადა დაგვიკავშირდა და მათ სურთ, რომ ამ პროცესის მონაწილეები იყვნენ. ამრიგად, ჩვენ მათთან ვისაუბრებთ. მათაც სურთ დაცვა ჰქონდეთ.

შესაბამისად, ჩვეულებისამებრ, ჩვენ კანადას დავეხმარებით ყველანაირად, როგორც შეგვიძლია. „ოქროს გუმბათის“ ეს დიზაინი ჩვენ არსებულ თავდაცვის შესაძლებლობებთან ინტეგრირდება. ჩემი ვადის დასრულებამდე ის სრულად უნდა ამოქმედდეს, ამიტომ ამას დაახლოებით სამ წელიწადში გავაკეთებთ. მას შემდეგ, რაც დავასრულებთ, „ოქროს გუმბათს“ შეეძლება რაკეტების გადაჭრა, თუნდაც, ისინი მსოფლიოს მეორე მხრიდან ან კოსმოსიდან იყოს გაშვებული და გვექნება საუკეთესო სისტემა, რაც კი ოდესმე შექმნილა.

მოგეხსენებათ, ჩვენ ისრაელს „რკინის გუმბათის“ შექმნაში ვეხმარებოდით და ძალიან წარმატებული გამოდგა. ახლა კი ჩვენ ბევრად განვითარებული ტექნოლოგია გვაქვს. ჰიპერბგერითი, ბალისტიკური და მოწინავე ფრთოსანი რაკეტები, ყველა ჰაერიდან ჩამოვარდება. ჩვენ საბოლოოდ დავასრულებთ სამუშაოს, რომელიც პრეზიდენტმა რეიგანმა 40 წლის წინ წამოიწყო და საბოლოოდ აღმოვფხვრით ამერიკისთვის სარაკეტო საფრთხეს. წარმატების კოეფიციენტი ძალიან ახლოსაა 100%-თან, რაც წარმოუდგენელია“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

„ოქროს გუმბათის“ კონცეფცია ისრაელის „რკინის გუმბათითაა“ შთაგონებული. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ „ოქროს გუმბათის“ სისტემა ეროვნული პროდუქტი იქნება, სრულად შეერთებულ შტატებში შეიქმნება და ის საბოლოოდ აღმოფხვრის ამერიკაზე უცხო ქვეყნის სარაკეტო იერიშის საფრთხეს.

„ვიღაცამ იკითხა: ამჟამინდელი სისტემა ადეკვატურია? არ არსებობს არანაირი ამჟამინდელი სისტემა. ჩვენ გვაქვს გარკვეული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებები, მაგრამ სისტემა არ არსებობს. უბრალოდ გვაქვს რამდენიმე ეფექტიანი იარაღი, რომელსაც იმედია არასდროს გამოვიყენებთ, მაგრამ ისინი ძალიან ეფექტიანია. „ოქროს გუმბათი“ სრულიად სხვა ლიგაა, მსგავსი რამ არასოდეს ყოფილა. ეს ძალიან კარგი თავდაცვითი საშუალება იქნება. დარწმუნებული იყავით, რომ მსგავსი არაფერი იარსებებს და ვერც სხვას შეეძლება ამის შექმნა“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ „ოქროს გუმბათზე“ მუშაობის პროგრესს კოსმოსური ოპერაციების ხელმძღვანელის მოადგილე, გენერალი მაიკლ გეტლინი დააკვირდება.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები