ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად აქტიურად ემზადება. ქვეყნის სამხედრო ძალები მოდერნიზაციის პროცესს გადიან. გაუმჯობესება ეხება როგორც შეტევით შესაძლებლობებს, ისე თავდაცვით შეიარაღებას.
როგორც აშშ-ის სენატში აღნიშნეს, თანამედროვე გამოწვევებთან გასამკლავებლად და ქვეყნის საჰაერო დომინირების შესანარჩუნებლად მოდერნიზაცია კრიტიკულად აუცილებელია. საფრთხედ კვლავ ჩინეთს, რუსეთს, ჩრდილოეთ კორეასა და ირანს მიიჩნევენ.
„თანამედროვე ომის ხასიათი რადიკალურად შეცვლილია. ხელოვნური ინტელექტის, ჰიპერბგერითი შემტევი შეიარაღების, მეექვსე თაობის ავიაციისა და კოსმოსზე დაფუძნებული სისტემების ტექნოლოგიურმა პროგრესმა მთლიანად გარდაქმნა კონფლიქტების ბუნება. ამ ცვლილებების წინა ხაზზე არის აშშ-ის საჰაერო ძალა. ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, უზრუნველვყოთ საჰაერო ძალების გრძელვადიანი მზადყოფნა და მოდერნიზაცია. ომის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ახალი შესაძლებლობები, არამედ საკმარისი რესურსებიც. თუ 2027 წელს ომში აღმოვჩნდებით, იმ ძალებით მოგვიწევს ბრძოლა, რომლებიც დღეს გაგვაჩნია. ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება მეტი გამანადგურებელი, და ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ“. – ამბობს სენატორი როჯერ ვიკერი.
სენატში მოსმენაზე აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ მოდერნიზაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ასევე აქტიურად გრძელდება თანამედროვე შემდეგი თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავის ეფ-47-ის პლატფორმის განვითარება. აშშ-ის საჰაერო ძალები მუშაობენ სტრატეგიული ბომბდამშენების, ბი-52-ების საავიაციო ფლოტის განვითარებაზეც, რომელიც ქვეყნის სტრატეგიული შეკავების ქვაკუთხედია.
„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სამხედრო პოტენციალის მოდერნიზაციისა და აღდგენისკენ. ის ასევე ითვალისწინებს F-47-ის შემდგომ განვითარებას, საბრძოლო თვითმფრინავების ინტეგრაციასა და სხვა ინიციატივებს, რომლებიც შესაძლებელს გახდის საბრძოლო შესაძლებლობების გაფართოებას შედარებით დაბალი ხარჯით. პარალელურად, მიმდინარეობს F-35-ისა და F-15-ის გაუმჯობესება, რათა ეფექტიანად გაუმკლავდნენ მზარდ საფრთხეებს. ეს პლატფორმები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ძალთა ბალანსის, არამედ ჩვენი მებრძოლებისათვის უპირატესობის შესანარჩუნებლადაც“, – სიტყვით მიმართა სენატორებს აშშ-ის საჰაერო ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა დევიდ ოლვინმა.
აშშ-ის ავიაციას მსოფლიოში მუდამ გამორჩეული ადგილი ეკავა. თუმცა როგორც სენატში მოსმენაზე გახდა ცნობილი, ქვეყნის თავდაცვის დეპარტამენტი კოსმოსურ ძალებსაც ავითარებს. თანამედროვე გამოწვევებზე საპასუხოდ სატელიტური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ამიტომ სწორედ ორბიტალური თანამგზავრების უსაფრთხოებაზე გაამახვილეს ყურადღება აშშ-ის სენატში. „ბოლო სამ წელიწადში კოსმოსურ ძალებს დაეკისრათ ახალი ამოცანების შესრულება. ეს ამოცანებია: მოძრავი სამიზნეების იდენტიფიცირება ხმელეთსა და ჰაერში, ასევე ახალი კოსმოსური კონტროლის შესაძლებლობების დამატება. პასუხისმგებლობა გაიზარდა მოდელირებისა და სიმულაციის, ძალების დიზაინისა და ანალიტიკის სფეროში. სახმელეთო კოსმოსური ბაზებიდან გაშვების ტემპი სამჯერ გაიზარდა. ქვეყნის დაცვა გულისხმობს თავდაპირველად იმ სატელიტების დაცვას, რომლებიც სისტემისათვისაა აუცილებელი. წარმატების მისაღწევად საჭიროა ჩვენი შესაძლებლობები დავიცვათ, მოწინააღმდეგე კი – შევზღუდოთ კოსმოსში. და ჩვენ სწორედ ამას ვაკეთებთ“, – ამბობს აშშ-ის კოსმოსური ძალების უფროსი, გენერალი ჩენს სალცმანი.
ამ დროს კი დონალდ ტრამპმა საზოგადოებას სარაკეტო თავდაცვის ინოვაციური კონცეფცია – „ოქროს გუმბათი“ წარუდგინა.
წინასაარჩევნო დაპირებები ტრამპისთვის მნიშვნელოვანია. თანამედროვე სარაკეტო თავდაცვის სისტემის შექმნაზე იგი პრეზიდენტად არჩევამდე საუბრობდა. სისტემა, რომლის ღირებულებაც 175 მილიარდი დოლარი დაჯდება, როგორც ტრამპი, ამბობს სამ წელიწადში მზად იქნება. ამ საჰაერო თავდაცვის პროექტის ზედამხედველობა კოსმოსური ოპერაციების ვიცე-ხელმძღვანელს დაეკისრა.
დონალდ ტრამპმა თქვა – „ოქროს გუმბათი“ მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, მათ შორის კოსმოსიდან გაშვებული რაკეტების ჩამოგდებას შეძლებს. ეს იქნება ისტორიაში საუკეთესო სისტემა. ჩვენ დავეხმარეთ ისრაელს მის განვითარებაში, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მოწინავე ტექნოლოგია გვაქვს – ჰიპერბგერითი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები — ყველას ჩამოვაგდებთ. ვასრულებთ პრეზიდენტ რეიგანის დაწყებულ საქმეს. სამუდამოდ დავუსვამთ წერტილს და აღმოვფხვრით საფრთხეებს, რომლებიც ამერიკას ემუქრება.“
აშშ აძლიერებს ავიაციას, კოსმოსურ შესაძლებლობებსა და სარაკეტო თავდაცვას. როგორც სენატში აღნიშნეს, გაიზრდება სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის პროგრამებიც. გენერალმა ოლვინმა სენატში გამოსვლისას განაცხადა: „ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა შეინარჩუნოს საჰაერო უპირატესობა“.
