მთავარიკულტურა„ლილო და სტიჩი" 23 წლის შემდეგ მხატვრული ფილმის სახით ბრუნდება

„ლილო და სტიჩი” 23 წლის შემდეგ მხატვრული ფილმის სახით ბრუნდება

პატარების საყვარელი ანიმაცია „ლილო და სტიჩი“ ეკრანებს უბრუნდება, თუმცა ამჯერად მხატვრული ფილმის სახით. რეჟისორების თქმით,  სტიჩი ამჯერად უფრო ფუმფულა და ცელქი იქნება, ვიდრე მისი ორიგინალი ანიმაციური ვერსია.

ლილოს როლს მაია კეალოა ასრულებს, ლილოს დის, ნანის როლს კი — სიდნი აგუდონგი. სტიჩის ხმას ისევ კრის სანდერსი ახმოვანებს, როგორც ორიგინალში.

ტია კარერი, რომელიც ორიგინალ ანიმაციაში ნანის ახმოვანებდა, ახალ ფილმში დებთან მომუშავე სოციალური მუშაკის როლით ბრუნდება. აგუდონგის თქმით, მისთვის ამ მსახიობთან ერთად თამაში „საოცარი“ გამოცდილება იყო.

„ტიასთან ერთად თამაში ნამდვილად შესანიშნავი იყო. ის ძალიან საყვარელია, გადასაღებ მოედანზე დეიდასავით გვექცეოდა. საოცარია, თუ საიდან აქვს ამდენი სითბო და სიყვარული. მასთან ერთად მუშაობამ საქმე ძალიან გაგვიმარტივა, უამრავ რჩევასა და დარიგებას გვაძლევდა. თავისი როლი კი საოცრად შეასრულა, მე მას ნამდვილად ვერ შევედრები, მას თავისი ხელწერა აქვს. პირველად როცა ვესაუბრე, ვკითხე: როგორ გავართვა თავი და მან მითხრა: მე ანიმაციური პერსონაჟი ვიყავი, შენ კი რეალური ხარ, შენ ხარ ნანი. მათ შენ შეგარჩიეს იმიტომ, რომ სწორედ შენ უნდა განასახიერო ის. ამ საუბარმა კი დიდი სტიმული და მოტივაცია მომცა და მგონი, კარგადაც გავართვი თავი ყველაფერს“, – ამბობს სიდნი აგუდონგი, მსახიობი.

ფილმის მსოფლიო პრემიერა ლოს-ანჯელესში შაბათს, 17 მაისს, გაიმართა. სტიჩი წითელ ხალიჩაზე თავისი ვარდისფერი კაბრიოლეტით მივიდა და  მსახიობებთან ერთად ფოტოები გადაიღო.

„მე სიდნის ვუთხარი: უბრალოდ ენდე საკუთარ თავს. აი, ეს არის ის, რისი მოსმენაც მე მინდოდა, როცა პატარა ვიყავი — ირწმუნო, რომ უკვე გაგაჩნია ყველა საჭირო უნარი და ძალა ამის გასაკეთებლად“, – თქვა მსახიობმა ტია კარერიმ.

ბავშვებისთვის განკუთვნილი ანიმაციური ისტორია გვიყვება მარტო დარჩენილი ჰავაელი გოგონას, ლილოს ამბავს, რომელსაც მშობლების გარდაცვალების შემდეგ საზოგადოებაში ადგილის პოვნა უჭირს. სურვილის ჩაფიქრებიდან ცოტა ხანში ლილო შეხვდება უცხოპლანეტელ არსებას, რომელიც საკუთარი პლანეტიდან გაქცეულია. მეგობრობა, რომელიც მათ შორის ყალიბდება, ორივეს ეხმარება ზრდაში, შიშის დაძლევასა და იმის გააზრებაში, თუ რას ნიშნავს ნამდვილი ოჯახი.

„ჩვენ წინაშე რთული ამოცანა იყო. ვაკვირდებოდით და ვცდილობდით გაგვერკვია, თუ ეს კონკრეტული კადრი ან სცენა რატომ მუშაობს ანიმაციაში? იმუშავებს თუ არა რეალურ ფორმატში? და თუ არა — რა შეიძლება იყოს ისეთი, რაც ამ ხასიათს მიესადაგება ან, ასე ვთქვათ, ასახავს იმავე არსს, რის გამოც ხალხს ორიგინალი ასე უყვარს. უნდა გითხრათ, რომ თითოეულ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად უამრავი ჩიხი გავიარეთ“, – ამბობს დინ ფლიშერ კემპი, რეჟისორი.

„ლილო და სტიჩში“ ასევე თამაშობენ ზაკ გალიფიანაკისი, ბილი მაგნუსენი და კორტნი ბ. ვანსი.

ფილმი ქართულ კინოთეატრებში 22 მაისიდან გამოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend