„ორი პროკურორი“- ეს არის ფილმი რუსეთზე, სადაც ძალიან დიდი ხანია „არაფერი შეცვლილა“.
უკრაინელი რეჟისორის ამ ფილმმა წლევანდელ კანის კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.
სერგეი ლოზნიცა ამ ფილმით პარალელს ავლებს 1930-იანი წლების საბჭოთა კავშირსა და დღევანდელ რუსეთს შორის.
„მას შემდეგ რუსეთში არაფერი შეცვლილა. და ჩვენ ამას ვერ ვხვდებოდით. 20 ან 30 წლის წინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ყველა ვოცნებობდით, რომ ჩამოყალიბებულიყო ახალი, სრულიად სხვა საზოგადოება, რომელიც თითოეულს გვსურდა. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მხოლოდ სამმა ქვეყანამ შეძლო, რომლებიც ადრე საბჭოთა რეჟიმის მიერ იყო ოკუპირებული. ისინი ქმნიან ახალ საზოგადოებას და ვითარდებიან ევროპული მიმართულებით, ესენია: ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ისინი სხვადასხვა ეტაპზე არიან”,- ამბობს რეჟისორი სერგეი ლოზნიცა.
ისტორიული დრამა „ორი პროკურორი“ გიორგი დემიდოვის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით გადაიღეს. ავტორმა მეორე მსოფლიო ომის დროს 14 წელი გულაგში გაატარა და სახელმწიფო მას მუდმივად ავიწროებდა.
ისტორიულ დრამაში, მოვლენები 1937 წელს ვითარდება. ახალგაზრდა საბჭოთა პროკურორი, ციხის უფროსებს სთხოვს, შეახვედრონ პატიმარს, რომლის სისხლით დაწერილ წერილსაც შემთხვევით გადააწყდება. იგი საბოლოოდ შეაღწევს საკანში და წამების მსხვერპლ მოხუცს გაიცნობს. გადაწყვეტს, რომ ამ უკანონობისა და ძალადობის შესახებ ქვეყნის გენერალურ პროკურორს შეატყობინოს. თუმცა, ამ შეხვედრის შემდეგ მასაც აპატიმრებენ.
ფილმი ძალიან რეალურია მსახიობ ალექსანდრ კუზნეცოვისთვისაც. ისიც ძალიან დიდ მსგავსებას ხედავს სტალინისა და პუტინის რუსეთს შორის. ამბობს, რომ მისი გმირი, პროკურორი ძალიან ბევრი ადამიანის ნამდვილ ამბავს ჰყვება.
„მე რეალურ პერსონაჟს ვასახიერებდი. და ის სახეა ბევრი ადამიანისა, რომლებიც გასამართლდნენ, ან რომლებმაც აღიარეს, რომ ისინი ტერორისტები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს აღიარება წამების შედეგად მოხდა. რუსი ვარ და მეც ძალადობისა და შიშის გარემოცვაში გავიზარდე. ეს ყველაფერი ჩემს კულტურაშია, აქ არაფერია უცხო ჩემთვის. საშინელებაა, მესმის, მაგრამ როლის შესრულება არ გამიჭირდა. ჩემი მეგობრების ნახევარი მოსკოვშია დაკავებული, არა ნახევარიც არა, უფრო მეტი“, – ამბობს მსახიობი ალექსანდრ კუზნეცოვი.
„ორი პროკურორი” სერგეი ლოზნიცასთვის პირველი ფილმი არ არის, რომელიც საბჭოთა კავშირისა თუ თანამედროვე რუსეთის დანაშაულზე მოგვითხრობს. მას არაერთი საერთაშორისო ჯილდოც აქვს მოპოვებული.