ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინაზე დრონებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ 18 მაისის ღამეს რუსულმა მხარემ მათი მიმართულებით 273 დრონი გაუშვა. 88 ჩამოადგეს, 128 კი ელექტრონული საშუალებით გაანეიტრალეს. თავდასხმების სამიზნე იყო კიევის, დნიპროპეტროვსკისა დონეცკის რეგიონები.
უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ომის დაწყების შემდეგ ეს ყველაზე მასშტაბური იერიში იყო დრონების გამოყენებით, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებიათ უკრაინის ოფიციალურ პირებს.
რუსეთმა ომის მესამე წლისთავის წინა დღეს უკრაინას 267 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია. ახლა კი გაზარდა მათი რაოდენობა და 273 დრონით მიიტანა იერიში.
კიევის რეგიონის გუბერნატორის, მიკოლა კალაშნიკის, თქმით, რეგიონში თავდასხმების დროს 28 წლის ქალი დაიღუპა, სამი მოქალაქე კი დაშავდა, მათ შორის 4 წლის ბავშვი.
ამავდროულად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათმა საჰაერო თავდაცვამ შაბათს ღამით შვიდი უკრაინული დრონი ჩამოაგდო, ხოლო კვირას დილით – 14.
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით იერიში მოსკოვსა და კიევს შორის ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიტანა.
უკრაინამ და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა წარადგინეს წინადადება, რომელიც ცეცხლის 30 დღით შეწყვეტას ითვალისწინებდა.
ვლადიმერ პუტინი არ დაეთანხმა ამ გადაწყვეტილებას. სანაცვლოდ უკრაინას შესთავაზა, თურქეთში გაემართათ პირდაპირი მოლაპარაკებები, თუმცა, როგორც გაირკვა, არა პრეზიდენტების დონეზე.
უკრაინაში ომის დასრულების მიზნით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გეგმავს, სატელეფონო საუბარი გამართოს პუტინთან, შემდგომ კი ზელენსკისთან და ასევე ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყნის ლიდერთან.