უკვე მესამე თვეა, რაც ისრაელმა ღაზაში საკვების შეტანა აკრძალა. ჩრდილოეთ ღაზაში მცხოვრებლებს საკვებისა და სასმელი წყლის მისაღებად საათობით უწევთ თვალუწვდენელ რიგში დგომა – მშიერი ქალები, ბავშვები და მამაკაცები ცარიელი ჯამებითა თუ პლასტმასის კონტეინერებით ხელში ელიან მცირე ულუფას.
უმ აბედი დილის ცხრა საათიდან დგება ამ რიგში. ის უკვე მეორე დღეა, სახლში ხელცარიელი ბრუნდება. უმი არავის ადანაშაულებს, რადგან ყველას შია და ყველას სურს, საკუთარი შვილები გამოკვებოს. მის ოჯახში 20 სულია, სამი წლის ბავშვი ჰყავს. პალესტინელებს ახლა ერთადერთი რამ უნდათ – ომი შეჩერდეს და ღაზაში საკვების შეტანა დაუშვან.
ფატენ ალ-მადჰუნი ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელია, რომელიც ღაზის მცხოვრებთათვის 2 წელზე მეტია, საკვებს ამზადებს. ის ამბობს, რომ ადგილზე თითქმის 3 თვეა, მოქალაქეები შიმშილობენ.
Since 2 March, the State of Israel has banned the entry of all humanitarian aid, medical and commercial supplies into #Gaza. Meanwhile, UNRWA has thousands of trucks outside Gaza, standing ready to deliver vital aid.
Gaza is being starved, not by lack of aid but by lack of… pic.twitter.com/OOugPrfMFt
— UNRWA (@UNRWA) May 15, 2025
ისრაელის შეტევამ ღაზის ურბანული ლანდშაფტის დიდი ნაწილი მთლიანად გაანადგურა, მოსახლეობის 90% კი რამდენჯერმე იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად.
ისრაელმა 2025 წლის 2 მარტს აკრძალა ტერიტორიაზე ყველა სახის დახმარების, მათ შორის საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. საერთაშორისო სასურსათო უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ ღაზაში, სავარაუდოდ, მასობრივი შიმშილობა იქნება, თუ ისრაელი არ მოხსნის ბლოკადას და არ შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს.