კიევში, მოსკოვში, ვაშინგტონსა და ერ-რიადში, ასევე ევროპის ქვეყნებში არაერთი მოლაპარაკებისა და შეხვედრის შემდეგ, ახლა მთელი ყურადღება მიმართულია სტამბოლზე, სადაც რუსეთის ომის დასრულების გზებზე დღეს, 15 მაისს, კიდევ ერთხელ უნდა იმსჯელონ. უკვე ანკარაშია ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
თურქეთში ჩავიდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. ბოლო წუთამდე არ იყო ცნობილი, რას გადაწყვეტდა ვლადიმერ პუტინი, მიიღებდა თუ არა თავად მონაწილეობას უკრაინასთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ეს მოლოდინი კი მისივე ინიციატივამ გააჩინა – სწორედ ვლადიმერ პუტინმა შესთავაზა პირდაპირი მოლაპარაკებები უკრაინას რამდენიმე დღის წინ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან შეხვედრის მზაობა მაშინვე გამოთქვა. პუტინის დელეგაციის შემადგენლობა უკვე გასაჯაროვდა, თუმცა იქ თავად რუსეთის პრეზიდენტი არ არის.
Emergency response operations are currently underway in Kharkiv after a Russian drone strike. Another strike on an energy facility, a purely civilian one. Russia is being Russia. When everybody awaits Russia’s response to a ceasefire and direct negotiations, they respond with new… pic.twitter.com/CdaCWub0Ee
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 13, 2025
„პუტინი არ ელაპარაკება ადამიანებს, რომლებიც მას შეურაცხყოფენ, ან აკრიტიკებენ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს რუსი პოლიტიკოსი იქნება თუ უცხოელი. ზელენსკიმ წლების განმავლობაში ბევრი ისაუბრა მასზე და ეს დღესაც გრძელდება. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ პუტინი თანახმა იყოს, პირადად ჩაერთოს ზელენსკისთან მოლაპარაკებებში“, – ამბობს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი ფიოდორ კრაშენინკოვი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ 13 მაისს განაცხადა, რომ თუკი პუტინი ახალ მიზეზებს გამოიგონებდა და არ ჩავიდოდა სტამბოლში, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ მას ომის დასრულება არ სურდა.
„პუტინს, რა თქმა უნდა, არ სურს ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ არც ის სურს, რომ საომარი მოქმედებების გაგრძელების პასუხისმგებლობა აიღოს. ამიტომ ის მუდმივად ეძებს ახალ გზებს, რათა დაარწმუნოს ტრამპი, რომ კვლავ ღირს მოლაპარაკებები. ბოლომდე არ მესმის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს თამაში. თუმცა ნათელია, რომ პუტინი არ არის დაინტერესებული ცეცხლის შეწყვეტით, რადგან ამ ომში ჯერ არ მიუღწევია მთავარი მიზნისთვის…
არ ვფიქრობ, რომ ევროპას შეუძლია შემოიღოს რაიმე ახალი სანქციები, რომლებიც პუტინს ნამდვილად შეაშინებს. სავარაუდოდ, პუტინს მათი დაწესების არ ეშინია და სტამბოლში ჩასვლა ან სანქციები მისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს. პირიქით, მეჩვენება, რომ მას სერიოზულად არ უფიქრია სტამბოლში წასვლაზე, რადგან ეს უკრაინისა და ევროპის სურვილის ასრულება იქნება“, – აცხადებს ანალიტიკოსი.
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარსულში არსებული ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. კრემლმა ბოლო ორი თვის განმავლობაში ორჯერ გამოაცხადა ცეცხლის რამდენიმე დღით შეწყვეტა – აღდგომის დღესასწაულზე და 9 მაისს, თუმცა ორივე საბრძოლო მოქმედებები მაინც გრძელდებოდა.
რა გადაწყდება დღეს, თურქეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე და ვინ დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ეს ჯერ კიდე უცნობია.
