მთავარიმსოფლიო„რუსეთის დელეგაცია თურქეთში ბუტაფორიულია" - ვოლოდიმირ ზელენსკი

„რუსეთის დელეგაცია თურქეთში ბუტაფორიულია” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხვდება.

მანამდე, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინული მხარე რუსეთთან 15 მაისს, სტამბოლში გასამართი პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მზადაა და უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი. მისი განმარტებით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ოფისის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი ვაშინგტონთან აქტიურ კონტაქტზეა, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოლაპარაკებების პროცესში თურქეთისა და უშუალოდ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ჩართულობასაც.

„პირველ რიგში, მსურს დიდი მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ერდოღანს, შეხვედრისა და პირდაპირი მოლაპარაკებების ორგანიზების შესაძლებლობისთვის. უკრაინულმა მხარემ დაადასტურა მოლაპარაკებებში მონაწილეობა. ჩვენი დელეგაცია უმაღლეს დონეზეა წარმოდგენილი – საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ოფისი, სამხედროები, ჩვენი დაზვერვა, რათა მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად. რაც შეეხება უმაღლესი დონის შეხვედრებს. ჩვენ დავიწყებთ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის გაფართოებულ დელეგაციასთან შეხვედრებით. კავშირზე ვართ ამერიკულ მხარესთანაც. ვფიქრობ, ისინიც იქნებიან თურქეთში, უმაღლესი დონის შეხვედრებზე. შევხედავთ რუსების დონეს.

ამ დროისთვის ოფიციალურად არაფერია ცნობილი, თუმცა, რასაც ვხედავთ, ეს უფრო „ბუტაფორიულ“ დონეს ჰგავს… პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ ვიფიქრებთ, კიდევ რა გავაკეთოთ, რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯები. ვფიქრობ, რამდენიმე საათი გვექნება მნიშვნელოვანი საუბრისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა არის რუსეთის დელეგაციის დონე და რა მანდატი აქვთ მათ, შეუძლიათ თუ არა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება. რადგან ყველამ კარგად ვიცით, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ცნობილია, რომ სტამბოლში გასამართ მოლაპარაკებებზე რუსულ დელეგაციაში არ იქნებიან წარმოდგენილნი არც ვლადიმერ პუტინი და არც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ინფორმაცია პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმაც დაადასტურა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend