„თუ პუტინი თურქეთში არ ჩამოვა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ის მოლაპარაკებებისთვის მზად არაა“, – ასეთია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადება სტამბოლში 15 მაისს დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ანკარაში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტი ზელენსკი სტამბოლში ვლადიმერ პუტინს დაელოდება, თუმცა, როგორც ჩანს, პუტინი განცხადების გაკეთებას არ ჩქარობს. მის ნაცვლად კრემლის მაღალჩინოსნები საუბრობენ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა რუსულ საინფორმაციო სააგენტო TASS-თან განაცხადა, რომ „ასეთ მძიმე ვითარებაში უმაღლესი დონის შეხვედრები ასე მარტივად არ იგეგმება“. ეს განცხადება შესაძლოა მინიშნება იყოს იმაზე, რომ პუტინი სტამბოლში ჩასვლას არ აპირებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციითაც, დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და კრემლის თანაშემწე იური უშაკოვი უხელმძღვანელებენ. თუმცა თავად კრემლი დელეგაციის წევრთა ვინაობას ჯერ არ ამხელს.
I am grateful to the Nordic-Baltic Eight countries for their principled joint statement urging Russia to commit to a full, unconditional, and immediate 30-day ceasefire.
I also value NB8 support for my readiness to meet personally with Putin in Türkiye. We are ready for such…
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 13, 2025
პრეზიდენტი ზელენსკის თქმით, თურქეთში პუტინის არჩასვლა მხოლოდ იმის მანიშნებელი იქნება, რომ მას ომის გაგრძელება სურს.
„თუ პუტინი თურქეთში არ ჩამოვა, ან ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს, ეს მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისთვის მზად არაა. ტექნიკურ დონეზე თამაშის დრო არ არის. მათი ქცევა გვაჩვენებს, რომ რუსები ყველაფერს მხარს უჭერენ. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს იმასაც, რომ ჩვენ უფრო უნდა გავძლიერდეთ და გავერთიანდეთ. მეტი სიმკაცრეა საჭირო. მე დღეს მხოლოდ ერთ რამეს ვხედავ – სანქციებს. რა თქმა უნდა, თუ პრეზიდენტ ტრამპთან შევძლებ საუბარს, ვეტყვი: ხედავთ, რომ გვჭირდება ძლიერი სანქციები და ცოტა დრო, რომ სანქციებმა შედეგი გამოიღოს“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
რუსეთის პრეზიდენტის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე დასწრებას, როგორც ჩანს, არც ბრიუსელში ელიან. კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, აზრით, პუტინს თურქეთში ჩასასვლელად გამბედაობა არ ეყოფა.
We join Ukraine and international partners, including the US, in calling for a full, unconditional ceasefire of at least 30 days.
It is now for Russia to show its willingness to achieve peace.
Statement ↓ pic.twitter.com/rswQQdgyN7
— Kaja Kallas (@kajakallas) May 9, 2025
„ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნება, თუ ისინი შეხვდებიან. ჩემი აზრით, ეს შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის უნდა შედგეს, მაგრამ არ მგონია, რომ გამბედაობა ეყოს. ვგულისხმობ პუტინს“, – ამბობს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
ვლადიმერ პუტინი ერთადერთი არაა, ვისაც მოლაპარაკების მაგიდასთან ელოდებიან. უკრაინის პრეზიდენტმა პროცესში ჩართვა სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსაც, რომელიც ახლა ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიანი ტურით იმყოფება.
სავარაუდოდ, თურქეთში ჩასვლას არც ტრამპი აპირებს, თუმცა დაადასტურა, რომ იქ მარკო რუბიოს გზავნის.
„მე ასევე დაუღალავად ვმუშაობდი იმისთვის, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრა დამესრულებინა. ახლა რაც მთავარია, თურქეთში მოლაპარაკებები ამ კვირის ბოლოს, ალბათ, ხუთშაბათს შედგება და მათ კარგი შედეგების მიღწევა შეეძლებათ. მარკო რუბიო და სხვები წავლენ. ვნახოთ, შევძლებთ თუ არა რაიმეს“, – ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ შეახსენა პარტნიორებს, რომ იმ შემთხვევაში თუ პუტინი სტამბოლში არ ჩავა, მათ ყველა პირობა უნდა შეასრულონ და სანქციების ყველაზე მკაცრი პაკეტი დაუწესონ რუსეთს, რადგან პუტინს ამ ომის დასრულების არც სურვილი აქვს და არც განზრახვა.
