ისრაელი ღაზაში ომი შეწყვეტას არ აპირებს. ომი კი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როცა „ჰამასი“ სრულად განადგურდება. იგეგმება ღაზის სრული კონტროლი და პალესტინელების გადასახლება. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაჭრილ ჯარისკაცებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ისრაელის ჯარი უახლოეს დღეებში „სრული ძალით“ განაახლებს მოქმედებებს ღაზაში.
მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასმა“ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი ედან ალექსანდერი გაათავისუფლა, ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას არ განიხილავს.
Edan Alexander finally returned home today after 584 days in Hamas captivity. It is our duty to ensure that all of our remaining 58 hostages in Gaza return home.
The IDF remains committed to dismantling Hamas and will continue operating against terrorist threats on all fronts. pic.twitter.com/iV4hoDYyWs
— LTC Nadav Shoshani (@LTC_Shoshani) May 12, 2025
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, არ არსებობს არავითარი გზა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი შეწყდეს — იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიიღწევა ახალი შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი შეიცვალა. არ მინდა ზუსტი თარიღის თქმა, მაგრამ რამდენიმე დღეში ღაზაში დიდი ძალით შევალთ, რათა დავასრულოთ ჩვენი მისია. ამ ოპერაციის დასრულება ნიშნავს „ჰამასის“ განადგურებას. ჩვენი ძალები ადგილზე არიან. იქნებ „ჰამასმა“ თქვას: მოიცადეთ, გვინდა, კიდევ 10 ტყვე გავათავისუფლოთ. ჩვენ მივიღებთ მათ და შემდეგ შევალთ. მაგრამ ომი არ შეჩერდება. შესაძლოა, დროებით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდეს, მაგრამ ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ამ ოპერაციას. ჩვენ შევქმენით მმართველობითი მექანიზმი, რომელიც პალესტინელებს (ღაზაში) მათი ტერიტორიიდან წასვლის შესაძლებლობას მისცემს. მაგრამ პრობლემა ერთია — გვჭირდება ქვეყნები, რომლებიც მათ მიიღებენ. ამაზე ვმუშაობთ ახლა. თუ მათ ამის შესაძლებლობას მივცემთ, დარწმუნებული ვარ, რომ 50%-ზე მეტი წავა, ვფიქრობ, ბევრად მეტიც. მაგრამ „ჰამასი“ იქ აღარ იქნება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
„ჰამასი” აცხადებს, რომ დარჩენილი მძევლების გათავისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ ისრაელი გაათავისუფლებს პალესტინელ პატიმრებს, შეაჩერებს საომარ მოქმედებებსა და გაიყვანს ჯარს ღაზიდან.
ისრაელის განცხადებით „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი 58 მძევლიდან, სავარაუდოდ, 23 ცოცხალია.
„ჰამასმა“ 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმისას სამხრეთ ისრაელში 251 მძევალი აიყვანა, მათი ნაწილი, 148 ადამიანი, წინა შეთანხმებების ფარგლებში გათავისუფლდა.
ედან ალექსანდერის გათავისუფლებამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ კრიტიკა გააძლიერა. ოპონენტები თვლიან, რომ იგი მძევლების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მზად არის, დააბრუნოს ყველა მძევალი, გაანადგუროს „ჰამასი“ და ღაზის მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაასახლოს, რასაც იგი ნებაყოფლობით ემიგრაციას უწოდებს.
ისრაელი და აშშ ეძებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც მზად იქნებიან პალესტინელების მიღებაზე.
მარტში, ცეცხლის შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე, ისრაელმა ღაზის სექტორში ყველა სახის იმპორტი შეაჩერა, რამაც ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გაამწვავა. ისრაელი აცხადებს, რომ ეს ნაბიჯი „ჰამასზე“ ზეწოლის მიზნით იყო გადადგმული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2 მარტიდან, ბლოკადის დაწყების შემდეგ ღაზაში 57 ბავშვი შიმშილის შედეგად დაიღუპა.
Read the press release and the latest IPC report, #Gaza Strip: Acute Food Insecurity Situation for 1 April – 10 May 2025 and Projection for 11 May – 30 September 2025https://t.co/DsdH2ouD3Y
— World Health Organization (WHO) (@WHO) May 12, 2025
ამავე დროს, ისრაელის თავდაცვის ძალები არ ერიდებიან, იერიში მიიტანონ ღაზის საავადმყოფოებზე. გასულ დღეებში ისრაელი თავს დაესხა ხან-იუნისისა და ნასერის საავადმყოფოებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ადრე მხარს უჭერდა დონალდ ტრამპის გეგმას, რომელიც ღაზიდან პალესტინელების გაყვანას ითვალისწინებდა. ეს ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკეს პალესტინელებმა და არაბულმა ქვეყნებმა.
ომი ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1,200 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
„ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით კი, ღაზაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციას 52,000-ზე მეტი პალესტინელი შეეწირა, მათი უმეტესობა ქალი და ბავშვია.
ომის დაწყებიდან დღემდე დაღუპულია 850 ისრაელელი ჯარისკაცი.