„კინოში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ოქროს პალმის რტოს ჯილდოს ყველაზე მეტად რობერტ დე ნირო იმსახურებს, გილოცავთ”, – ასე დაიწყო კანის 78-ე ფესტივალის გახსნის ცერემონია. ოქროს პალმის რტო მსახიობ რობერტ დე ნიროს ლეონარდო დიკაპრიომ გადასცა და ოვაციებიც დაიმსახურა.
ეს კი განსაკუთრებული აღიარებაა 81 წლის მსახიობისთვის, რომლის კავშირი ფრანგულ ფესტივალთან თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის.
ლეონარდო დიკაპრიომ 81 წლის მსახიობი, რომელიც პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკაცრი კრიტიკოსია, „დემოკრატიისთვის ბრძოლაში“ გაწეული ძალისხმევისთვის შეაქო.
ფესტივალისადმი მადლიერების გამოხატვის შემდეგ კი, რობერტ დე ნირომ საუბარი მაშინვე ტრამპზე გადაიტანა და გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თქვა, რომ აშშ-ს ფარგლებს გარეთ წარმოებულ ფილმებზე ტარიფის დაწესებას გეგმავს.

რობერტ დენირომ განაცხადა, რომ ხელოვნება ჭეშმარიტებაა, ის მრავალფეროვნებას ემსახურება და სწორედ ამიტომ ხელოვნება არის საფრთხე ავტოკრატებისთვის.
„აშშ-ის ფილისტიმელმა პრეზიდენტმა თავი დანიშნა ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი კულტურული ინსტიტუტის ხელმძღვანელად. მან შეამცირა ხელოვნების, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და განათლების დაფინანსება და მხარდაჭერა. ახლა კი მან გამოაცხადა 100%-იანი ტარიფი აშშ-ს ფარგლებს გარეთ წარმოებულ ფილმებზე. ერთი წუთით, მოდით, დავფიქრდეთ. შეუძლებელია კრეატიულობა ფულით განსაზღვრო, მაგრამ, როგორც ჩანს, მასზე ტარიფის დაწესება შეგიძლიათ. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია. ყველა ეს თავდასხმა მიუღებელია. და ეს მხოლოდ ამერიკული პრობლემა არ არის. ეს გლობალური პრობლემაა. არ გვაქვს უფლება დავსხდეთ და ვუყუროთ იმას, თუ რაც ხდება, თითქოს ფილმს ვუყურებდეთ. უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, ვიმოქმედოთ ძალადობის გარეშე, მაგრამ დიდი ვნებითა და მონდომებით“,- თქვა მსახიობმა რობერტ დე ნირომ.
პოლიტიკური კონტექსტი კანის ფესტივალს სხვა მხრივაც არ აკლდა. პირველი დღის დასასრულს გაიმართა უკრაინისადმი მიძღვნილი სამი ფილმის ჩვენება და ჩარლი ჩაპლინის „ოქროს ციებ-ცხელების“ აღდგენილი ვერსიის პრემიერა მისი ასი წლისთავის აღსანიშნავად.
წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილია სხვა პოლიტიკური და სოციალური თემატიკის ფილმებიც, მათ შორის აჩვენებენ ირანელი დისიდენტი რეჟისორის ჯაფარ პანაჰის ფილმს.

წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის პრეზიდენტი ფრანგი მსახიობი ჟულიეტ ბინოშია და მასთან ერთად არიან სხვა ჟიურის წევრებიც, რომლებიც გადაწყვეტენ, თუ ვის გადაეცემა საპატიო ჯილდო, ოქროს პალმის რტო.
კანის კინოფესტივალის მთავარი პრიზისთვის, ოქროს პალმის რტოსთვის, 22 ფილმი იბრძოლებს.