სულ მცირე, 22 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა ისრაელის მორიგ ავიაიერიშებს ღაზის სექტორზე. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით, 13-14 მაისს თავდასხმების შედეგად, სულ 48 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
13 მაისს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით, შედგა მოლაპარაკება, რის შემდეგაც „ჰამასმა“ ისრაელელ-ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა.
ეს ფაქტორი იმედს აძლევდა ღაზის მცხოვრებლებს, რომ თავდასხმები შეწყდებოდა, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი „არავითარ შემთხვევაში“ არ დაასრულებს ომს ღაზაში, რამაც ცეცხლის შეწყვეტის იმედები გააქარწყლა.
„როდესაც ამერიკელი მძევალი გაათავისუფლეს, ჩვენ ბედნიერები ვიყავით და ვამბობდით, ღმერთს მადლობა, ღაზა თავისუფალი იქნება და სიურპრიზს ველოდებოდით. და აი ისიც, ის აქ არის, ხედავთ როგორი სიურპრიზია?“, – წუხს ერთ-ერთი დაზარალებული.
⭕️We stand united and speak with one voice to demand protection for medical and humanitarian teams, and justice for those who lost their lives in the line of duty.
We honor them with a symbolic funeral worthy of their sacrifice.🙏 pic.twitter.com/AzbulC5dhu
— PRCS (@PalestineRCS) May 14, 2025
ისრაელის სამხედროებმა თავდასხმების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს, თუმცა 14 მაისის ღამეს ჯაბალიას მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, რადგან ამ ტერიტორიაზე მათი ცნობით, „ჰამასის“ ინფრასტრუქტურა, მათ შორის სარაკეტო დანადგარები მდებარეობდა.
18-თვიანი ომის და აქტიური სარაკეტო იერიშების ფონზე, საავადმყოფოები ღაზის სექტორში გადატვირთულია. ამას 10-კვირიანი ბლოკადაც ემატება, რის გამოც შესაბამისი მარაგების ტრანსპორტირება ტერიტორიაზე შეუძლებელია.
„თუკი ეს გაუსაძლისი და საშინელი მდგომარეობა შენარჩუნდება, მოსალოდნელია, რომ ოთხ თვის განმავლობაში ღაზის მილიონნახევარი მცხოვრები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. შიფას საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სულ 50 საწოლია, თუმცა იქ ხანდახან 500-ზე მეტი პაციენტი მიჰყავთ დღეში“ – ამბობს რიჩარდ პეპერკორნი”, – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ღაზის სექტორში.
Read the press release and the latest IPC report, #Gaza Strip: Acute Food Insecurity Situation for 1 April – 10 May 2025 and Projection for 11 May – 30 September 2025https://t.co/DsdH2ouD3Y
— World Health Organization (WHO) (@WHO) May 12, 2025
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში, ყოველ 24 საათში არასრულფასოვან კვებაზე სკრინინგს 300 ბავშვი გადის.
„აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ არასრულფასოვნად იკვებება. ახლა არც საკვები და არც სასმელი არ გვაქვს. ამიტომ აქ მოვედი, რომ რამდენიმე შეკვრა ორცხობილა მივიღო და ჩემ შვილს წონის მატებაში დავეხმარო“ – ამბობს ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვის დედა.
ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის საპასუხო შეტევის შედეგად 52 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთა შორის უმრავლესობა ქალი და ბავშვია. თავდასხმების გამო, მოსახლეობის 90% იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არაერთხელ გაუკრიტიკებია ისრაელი პალესტინელებისთვის არაადამიანური პირობების შექმნისთვის, თუმცა ისრაელის პოზიციაა, რომ ომი არ შეწყდება მანამ, სანამ „ჰამასს“ სრულად არ გაანადგურებს.