კატეგორიები

ნათელა იანქოშვილის ფერები

ნათელა იანქოშვილის ფერები
ნათელა იანქოშვილი ქართული სახვითი ხელოვნების ლეგენდაა… ყოველი მისი გამოფენა, მუდამ არის დღესასწაული და განსაკუთრებული მოვლენა, რომელიც ხელოვნების მოყვარულებს განსაკუთრებული ძალით იზიდავს.

ნათელა იანქოშვილი ერთნაირად გამორჩეული ოსტატი იყო ფერწერასა თუ გრაფიკაში. ამჯერად მისი ამ შესანიშნავი ნამუშევრების ნახვა წინანდალშია შესაძლებელი.

წინანდლის მამულის საგამოფენო სივრცეში, ჭავჭავაძეების სახლმუზეუმში ნათელა იანქოშვილის ნამუშევრები კერძო კოლექციებიდან არის წარმოდგენილი. საინტერესოდ აწყობილი ეს ექსპოზიცია „სილქ ჰოსფითალითის“ ორგანიზებით შედგა.

„ამჯერად ჩვენ ქართველი ხელოვანის ნათელა იანქოშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ფერმწერისა და დაზგური გრაფიკოსის გამოფენის მოწყობა გადავწყვიტეთ. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ნათელა იანქოშვილის ნამუშევრების სხვადასხვა კოლექციებიდან შეკრებილი ექსპოზიცია, ამ შემთხვევაში 9 სხვადასხვა კოლექციონერი იყო  თანამშრომლობითი პროექტის გამზიარებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სახლმუზეუმის კონცეფციისთვისაც , რომელიც თანამშრომლობაზეც არის ორიენტირებული და ასევე საგანმანათლებლო პროექტებზე, უცხოელებთან ურთიერთობაზე, სტუმრის მასპინძლობაზე, რომლებსაც კვლევითი პროექტების და ასევე ვიზუალური ხელოვნების დათვალიერების საშუალება მიეცემათ ხოლმე, წელიწადში დაახლოებით 3-4 ჯერ. მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი ტიპის კერძო კოლექციონერებთან თანამშრომლობა. რაც მნიშვნელოვანია, ასეთ პროექტებში – კარგად ჩანს ხოლმე სხვადასხვა მიმართულებები ერთი და იმავე ხელოვანის. სხვადასხვა ეპოქაში შექმნილი ნამუშევრები…”, – ამბობს „სილქ ჰოსფითალითის“ არტ კურატორი მარიამ კაკაბაძე.

წინანდლის გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან, რამდენიმე შედევრი არსენ შურღაიას კოლექციიდანაც გახლავთ.  იგი ცნობილი ოფთალმოქირურგია და ხელოვნების ნიმუშების შეგროვებით არის გატაცებული. ამბობს რომ ნათელა იანქოშვილი მისი რჩეული მხატვარია.

„ ამ გამოფენაზე არის წარმოდგენილი იანქოშვილის რამდენიმე ნამუშევარი, ჩემი კერძო კოლექციიდან. იანქოშვილი ჩემი ერთ-ერთი გამორჩეულად საყვარელი მხატვარია, ზოგადად მიყვარს კახეთი და ეს შესაძლებლობა არ გამოვტოვე რომ ჩამოვსულიყავი წინანდალში, ამ გამოფენაზე და აღმოვაჩინე, რომ ჩემი იანქოშვილები სულ სხვანაირად გამოიყურება, ბევრად უფრო ლამაზად ამ სივრცეში,  ვიდრე თუნდაც ჩემთან სახლში, ჩემს კედელზე. ძალიან თვითმყოფადია იანქოშვილი არავის  რომ არ ჰგავს ისეთია“- ამბობს არსენ შურღაია.

ნათელა იანქოშვილის განსაკუთრებულ ოსტატობაზე საუბრობს ხელოვნების ისტორიის დოქტორი, ნანა ყიფიანი. სწორედ მან მოამზადა საზოგადოებისათვის საინტერესო სათქმელი ნათელა იანქოშვილზე. მისი ამ ტექსტის გაცნობა დამთვალიერებელს, იქვე ექსპოზიციის ერთ-ერთ კედელზე შეუძლია.

ნანა ყიფიანი ამბობს, რომ ნათელა იანქოშვილი იყო პირველი მხატვარი ქალი, რომლის პერსონალური გამოფენაც საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართა. და რომ მის ნამუშევრებს მსოფლიოს სხვადასხვა გალერეა, თუ სახელოვნებო ბაზრობა მასპინძლობს.

ესეთი ადვილი არ იყო, რამდენადაც ცალკე კვლევა ნათელა იანქოშვილზე, მე არასდროს მქონია. მქონდა  ზოგადი შთაბეჭდილება და ვიცოდი ცალკეული ნამუშევრები. პირველ რიგში რაც ვიცოდი და ახლაც მგონია, რომ სწორია ნათელა იანქოშვილთან  დაკავშირებით, არის ის რომ მართლა ბედი სწყალობდა ქართველ მხატვრებში. ქართველ ქალ მხატვრებში, იმიტომ რომ ჩვენ გვყავს მთელი პლეადა არაჩვეულებრივი ქალი მოდერნისტების. გვყავს მისი თაობის მხატვრებიც, რომლებიც რაღაც ისე მოხდა ამ ხელოვნების ისტორიაში და ქართული კულტურის ისტორიაში რომ სადღაც უკანა პლანზე დარჩნენ და არ არიან ისეთი პოპულარულები, როგორც ნათელა იანქოშვილია. ნათელას ნამდვილად ბედმა გაუღიმა. 1960 წელს წარმოიდგინეთ, ეს არის ისეთი საკმარისად მძიმე წლები ეროვნულ გალერეაში, მისი პერსონალური გამოფენა კეთდება. ამ დროს ყალიბდება მისი ენა, რომელიც ასეთი პოპულარული ხდება შემდგომ, და  სხვათა შორის ერთი რამ არის საინტერესო, რომ 2010-იანი წლებში, როცა თავად უკვე სამი წლის გარდაცვლილია, კურატორები გატაცებულები არიან მისი შემოქმედებით, როგორც ქალი მხატვრის შემოქმედებით, რომელსაც თავის საკუთარი ენა აქვს,  საკუთარი ხედვა აქვს,  დამოკიდებულება ცხოვრებისადმი და ცდილობენ რომ პოპულარიზაცია გააკეთონ და ეს მოხდა კიდეც… თუმცა მას ადრეც საკმარისად დიდი სახელი ჰქონდა, საბჭოთა წლებში და მას შემდეგ მაგრამ აი ეხლა მოხდა ისე, რომ ის უცხოეთში გაიტანეს რამდენიმე უცხოური გამოფენა მოეწყო… თქვენ შეამჩნევდით გამოფენაზე რომ ჭარბობს ძირითადად შავი და მწვანე ფერები, და ეს განსაკუთრებულ ექსპრესიას ქმნის, განსაკუთრებულ გამომსახველობას, რომელიც ზემოქმედებს მაყურებელზე, ამას უწოდებენ ექსპრესიონისტულ ენას“, -ამბობს ხელოვნების ისტორიის დოქტორი ნანა ყიფიანი.

ნათელა იანქოშვილის გამოფენამ წინანდლის მამულში დიდი ინტერესი გამოიწვია:

ელენე მირიანაშვილი- დამთვალიერებელი

„ გამოფენის შესახებ გავიგე ჩვენი ძალიან ახლობლისგან, რომლის დედის პორტრეტია აქ გამოფენილი. განსაკუთრებით მოგვინდა აქ მოსვლა რადგან ამდენი კომპოზიცია ერთად არის წარმოდგენილი. განსაკუთრებული დამახასიათებელი ნიშანია ფერები, ბუნების განსაკუთრებით აღქმა შეუძლია. მგონია, რომ პირად კოლექციაში არსებული ნახატების ნახვა საზოგადოებისთვის იშვიათია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება და შესაძლებლობა, რომ იხილონ“- ამბობს, დამთვალიერებელი ელენე მირიანაშვილი.

„ ჩემთვის ნათელა იანქოშვილი, წიგნებთან არის დაკავშირებული ის გარდა იმისა რომ ფერმწერი იყო ძალიან კარგი ილუსტრატორი იყო. ბევრი წიგნი აქვს  გაფორმებული მათ შორის ვეფხისტყაოსანი… პირველი მისი ნამუშევრები ალბათ წიგნებში ვნახე როცა პატარა ვიყავი, სანამ საერთოდ დავინტერესდებოდი ვიზუალური ხელოვნებით და მერე ეს ყველაფერი უკვე გამოფენებზე ვნახე. მისი ნამუშევრები რომლებიც აბსოლუტურად განსხვავდება სხვა ავტორებისაგან. არ მიყვარს იმის თქმა რომ აი ქალი ავტორია… ამიტომ არა, მაგრამ მისი ნამუშევრები აშკარად ძალიან ბევრ ქალურ ელემენტს შეიცავს და მისი  ასეთი უცნაური, მწვანე ფერი, რომელიც შეიძლება ითქვას, ცოტა შხამიანი საღებავია, „ფეცე“, რომელსაც არავინ ხმარობდა მანამდე და რომლითაც იგი რეალურად ამ ფერწერულ ამოცანას წყვეტს ხოლმე. ყოველთვის იყო განსხვავებული , მნიშვნელოვანი და ასევე დარჩა. რეალურად ის არის  მხატვარი, რომელიც არ შეიძლება, გაიმეორო. არ შეიძლება, რომ მისი მიმდევარი გახდე. ამით არის გამორჩეული ნათელა იანქოშვილი“.- ამბობს, ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი.

გამორჩეული ფერმწერის, გრაფიკოსისა და ილუსტრატორის ნათელა იანქოშვილის ნამუშევრების ხილვის შესაძლებლობა წინანდლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ქართული მხატვრობის მოყვარულებს 13 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

Related news
ლუვრის მუზეუმის დირექტორად კრისტოფ ლერიბო დაინიშნა კულტურული ღონისძიებების დაიჯესტი: სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში
სხვა ამბები