კატეგორიები

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირ მოლაპარაკებებს ელის

მსოფლიო რუსეთ-უკრაინის პირდაპირ მოლაპარაკებებს ელის
ორი დღე რჩება 15 მაისს, სტამბოლში, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებების განახლებამდე. ამ დრომდე უცნობია, გეგმავს თუ არა ვლადიმირ პუტინი თურქეთში თავად გამგზავრებას.

ბუნდოვანია ისიც, აპირებს თუ არა იგი ცეცხლის მყისიერ შეწყვეტას, რომლის გარეშეც უკრაინა და მისი ევროპელი მხარდამჭერები კრემლის მეთაურთან მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდომის პერსპექტივას ვერ ხედავენ.

განსხვავებული პოზიცია აქვს აშშ-ს. დონალდ ტრამპი ითხოვს, რომ უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს დაუყოვნებლივ, წინაპირობების გარეშე შეხვდნენ. როგორც თავად ამბობს, სჯერა, რომ სტამბოლში შეხვედრას ორივე ლიდერი დაესწრება და მოლაპარაკებებზე ჩასვლას თავადაც განიხილავს.

როგორც დონალდ ტრამპმა ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიანი ვიზიტის დაწყებამდე, თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი მზადაა ვიზიტის მიმდინარეობისას თურქეთში გადაფრინდეს, თუ ჩათვლის, რომ მისი დასწრება პროცესისთვის სასარგებლო იქნება.

ტრამპის ინიციატივა დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავად, ვლადიმირ პუტინთან პირისპირ შეხვედრის მზაობა კვირას, პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში გამოთქვა, მას შემდეგ, რაც კრემლში გამართულ ბრიფინგზე ვლადიმირ პუტინმა უკრაინულ მხარეს 2022 წელს შეწყვეტილი სტამბოლის მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს შეხვედრა შედგეს – თუ პუტინი ნამდვილად მზად არის შეხვედრისთვის არა მხოლოდ მედიაში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. ლიდერების დონეზე ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ცეცხლის შეწყვეტაზე შევთანხმდეთ. ცეცხლის შეწყვეტაზე სწორედ მასთან უნდა მოვილაპარაკო, რადგან ამას მხოლოდ ის წყვეტს. ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტ ტრამპს, რომ შემოგვიერთდეს. არ ვიცი რას გადაწყვეტს აშშ-ის პრეზიდენტი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ის მონაწილეობას დაადასტურებს, ვფიქრობ, ეს პუტინს დამატებით იმპულსს მისცემს, რომ ჩამოფრინდეს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

როგორც ზოგი ექსპერტი მიიჩნევს, რუსეთის პრეზიდენტმა მოსალოდნელზე მეტი მიიღო, როდესაც უკრაინა პირდაპირ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.

მათი აზრით, ვლადიმირ პუტინი რთული დილემის წინაშეა. იგი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ლეგიტიმურ ლიდერად არ მიიჩნევს, და ამიტომ გლობალურ ასპარეზზე, მის გვერდით გამოჩენა, რუსეთის მოსახლეობის თვალში შესაძლოა „სისუსტედ“ იქნას აღქმული.

იმის დაკონკრეტებაზე, თუ ვინ გეგმავს ხუთშაბათს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ჩასვლას უარი განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დიმირტი პესკოვმა.

„პრეზიდენტმა პუტინმა საკუთარ განცხადებაში ნათლად და მკაფიოდ ჩამოაყალიბა ჩვენი პოზიცია, სტამბოლში, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების შესახებ. იმ მოლაპარაკებების, რომელიც უკრაინულმა მხარემ 2022 წელს შეწყვიტა. ამ მიდგომას – რომელიც უკრაინის კრიზისის დიპლომატიურ გადაწყვეტას, კონფლიქტის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას ისახავს მიზნად – ბევრი სახელმწიფოს მეთაური უჭერს მხარს. მათ შორის, დსთ-ს, „ბრიქსის“ და სხვა ქვეყნები. ცნობილია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიციაც, რომელმაც უკრაინულ მხარეს მოუწოდა, დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე მიეღო მონაწილეობა ჩვენს მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაში. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების ძალისხმევას. ულტიმატუმების ენაზე საუბარი რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთთან ასე საუბარი არ შეიძლება“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პირდაპირი მოლაპარაკებების განახლების მოლოდინში, განცხადება გააკეთა მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმაც. მისი თქმით, იგი უკვე ესაუბრა ამერიკის, უკრაინის და რუსეთის ლიდერებს; და მზადაა წვლილი შეიტანოს მშვიდობის დამყარების პროცესში.

„მე და პრეზიდენტმა პუტინმა ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის, უკრაინასა და რუსეთს შორის არსებული კონფლიქტის დასრულების გზები, რომელიც სამ წელიწად-ნახევარია მიმდინარეობს. ვესაუბრე უკრაინის და ამერიკის პრეზიდენტებსაც- და სისხლისღვრის შეწყვეტის გზები განვიხილეთ.

ამ ეტაპზე, რუსეთი, უკრაინა, ამერიკა და ევროპა მოლაპარაკებების გამართვაზე შეთანხმებულები არიან. როგორც ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც ყველა მხარის ნდობის მოპოვება შეძლო, ჩვენ კიდევ ერთხელ განვაცხადებთ, რომ მზად ვართ წვლილი შევიტანოთ ამ მოლაპარაკებებში და რომ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ მათ. ვხედავთ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლებლობის ახალი ფანჯარა გააჩინა. გვჯერა, რომ ღვთის წყალობით, ეს შესაძლებლობა არ დაიკარგება“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ვინაიდან ამ დრომდე, არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ კრემლი ცეცხლის შეწყვეტის ულტიმატუმს დასთანხმდება, ევროპის ქვეყნებს დამატებითი სანქციების დაწესების შესახებ მუქარის შესრულება მოუწევთ.

ზუსტად რას მოიცავს სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოსკოვისთვის სანქციების მე-17 პაკეტი უცნობია, თუმცა ექსპერტების თქმით, ის შეიძლება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის, მოსკოვის ჩრდილოვანი საზღვაო ფლოტისა და მასთან დაკავშირებული დამხმარე ქსელების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს გულისხმობდეს.

თუ 15 მაისს სტამბოლში ზელენსკიც და პუტინიც ჩავლენ, ეს 2019 წლის დეკემბრის შემდეგ მათი პირველი პირისპირ შეხვედრა იქნება.

თუმცა, მიუხედავად იმისა, დაესწრება თუ არა პირადად ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო მოლაპარაკებებს, კიევში შეხვედრის პერსპექტივის მიმართ ღრმა სკეპტიციზმია. რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ამ დრომდე უშედეგო მცდელობებით, სულ უფრო იმედგაცრუებულია აშშ-იც.

როგორც გასულ თვეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, თუ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მცდელობები მალე ნაყოფს არ გამოიღებს, ამერიკა ამ საკითხისთვის მეტი დროის, რესურსის და ძალისხმევის დათმობას ვეღარ შეძლებს.

Related news
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ პრევენციული დარტყმა განახორციელა პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია
სხვა ამბები