გაეროს საავიაციო საბჭომ დაადგინა, რომ 2014 წელს უკრაინის საჰაერო ზონაში Malaysia Airlines-ის რეისის- MH17-ის თვითმფრინავის ჩამოგდებაზე რუსეთის ფედერაციაა პასუხისმგებელი.
ორშაბათს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთს საერთაშორისო საჰაერო სამართლის მიხედვით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია. რეისი MH17 ამსტერდამიდან კუალა–ლუმპურისკენ 2014 წლის 17 ივლისს მიფრინავდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინის თავზე ჩამოაგდეს, რასაც 298 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
UN aviation body rules Russia downed Malaysian airliner, say Dutch https://t.co/toMcEmGblt
— ST Foreign Desk (@STForeignDesk) May 12, 2025
ტრაგედია რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ფონზე მოხდა. თვითმფრინავს რუსული წარმოების BUK-ის ტიპის რაკეტა მოხვდა. ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა. აქედან 196 ნიდერლანდების მოქალაქე იყო, 38-ავსტრალიის, ხოლო 30 მალაიზიის.
ინციდენტიდან რვა წლის შემდეგ, ნიდერლანდების სასამართლომ ორი რუსი და ერთი უკრაინელი მამაკაცი დამნაშავედ ცნო, თუმცა მოსკოვმა თავისი მოქალაქეების ექსტრადირებაზე უარი განაცხადა და გადაწყვეტილებას „სკანდალური“ უწოდა. გაეროს საავიაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ნიდერლანდებისა და ავსტრალიის მთავრობები გამოეხმაურნენ. მათი განცხადებით, გადაწყვეტილებას შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს და რუსეთის ფედერაციამ მომხდარზე პასუხი უნდა აგოს.