ფრანგი მსახიობი, ჟერარ დეპარდიე პარიზის სასამართლომ 2021 წელს, ფილმის გადაღებისას ორი ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის ჩადენაში დამნაშავედ ცნო.
76 წლის მსახიობს 18- თვიანი პირობითი სასჯელი მიესაჯა. საქმე ეხება ფილმ The green shutters-ის გადაღებებს, რომლის დროსაც, ბრალდების მიხედვით, მან 54 წლის მხატვარ- დეკორატორი და 34 წლის რეჟისორის ასისტენტი სექსუალურად შეავიწროვა.
მიუხედავად იმისა, რომ თავად მსახიობი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, მან აღიარა, რომ გადასაღებ მოედანზე უხამს ლექსიკას იყენებდა და რომ ერთ-ერთ ქალს შესაძლოა შეეხო შემთხვევით, როცა წონასწორობის დაცვას ცდილობდა, თუმცა ამ საქციელის სექსუალურ კონტექსტს უარყოფს. ის დღეს განაჩენის გამოცხადებასაც არ დაესწრო.
ბრალდების მხარემ მოითხოვა, რომ დეპარდიეს 18 თვიანი პირობითი პატიმრობა და 20 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრებოდა.
პროკურორმა ლორან გაიმ გააკრიტიკა ამ საკითხის მიმართ ჟერარ დეპარდიეს ინდიფერენტულობა და განაცხადა, რომ მსახიობს საკუთარ თავთან კითხვებიც კი არ უჩნდება.

თუმცა მთელი ამ პროცესების განმავლობაში ჟერარ დეპარდიეს მხარდამჭერებიც ჰყავდა. მაგალითად, მსახიობები ვინსენტ პერესი და ფანი არდანი მათ შორის იყვნენ, ვინც სასამართლო სხდომებს დეპარდიეს მხარდასაჭერად ესწრებოდნენ.
ამ საქმემ საზოგადოების დიდი ყურადღება მიიპყრო და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში მსახიობს 20-ზე მეტმა ქალმა დასდო ბრალი არასათანადო მოპყრობაში, ჯერჯერობით მხოლოდ სექსუალური შევიწროების საქმე მოხვდა სასამართლოში.
ზოგიერთი სხვა საქმის განხილვა შეწყდა მტკიცებულებების არარსებობის ან ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. თუმცა ერთ-ერთი საქმე დღემდე აქტიურია- 2018 წელს მსახიობმა შარლოტ არნოლდმა დეპარდიეს გაუპატიურებაში დასდო ბრალი. 2024 წელს კი პროკურორებმა ამ საქმის სასამართლოში განხილვა მოითხოვეს.
თავად ჟერარ დეპარდიემ ერთ-ერთი მოსმენის დროს განაცხადა, რომ მისი სახელი ტალახში ამოსვარეს სიცრუითა და ცილისწამებით. მარტის ბოლოს, საქმის განხილვის დასრულებისას პროკურორმა ლორან გაიმ განაცხადა, რომ „სავსებით შესაძლებელია იყო შესანიშნავი მსახიობი და კარგი მამა, მაგრამ მაინც ჩაიდინო დანაშაული“.
