კატეგორიები

ჟენევაში ამერიკული და ჩინური დელეგაციები სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს მართავენ

ჟენევაში ამერიკული და ჩინური დელეგაციები სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკებებს მართავენ
10 და 11 მაისს აშშ-ისა და ჩინეთის დელეგაციები ერთმანეთს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში შეხვდნენ. აშშ-ის დელეგაციას ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი და სავაჭრო საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი, ჯეიმისონ გრირი ხელმძღვანელობენ, ხოლო ჩინეთისას – ვიცე-პრემიერი, ხე ლიფენგი.

ორდღიანი შეხვედრები სატარიფო მოლაპარაკებებს ეხებოდა. მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინურ იმპორტზე 145%-იანი ტარიფი დააწესა, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად დაიძაბა. ჩინეთის მიერ ამერიკულ იმპორტზე საპასუხო 125%-იანი ტარიფის დაწესებამ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის რისკები გააჩინა.

მოლაპარაკებების დაწყებამდე მხარეები კომპრომისზე წასვლას გამორიცხავდნენ, თუმცა სამიტის შემდეგ ორივე ქვეყნის დელეგაციებმა დამაიმედებელი განცხადებები გააკეთეს.

„მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ პროგრესს შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის ძალიან მნიშვნელოვან სავაჭრო მოლაპარაკებებში. პირველ ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მასპინძელს, შვეიცარიის მთავრობას ამ ფორმატის შემოთავაზებისთვის. ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა, რომ შედეგს მივაღწიეთ. დეტალების შესახებ ხვალ ვისაუბრებთ“, – განაცხადა აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა.

ჟენევაში სატარიფო მოლაპარაკებების დაწყებამდე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ჩინეთზე დაწესებული 145%-იანი ტარიფი 80%-ამდე შემცირდა. ტრამპის თქმით, ამ გადაწყვეტილებით, მას სავაჭრო ომის დეესკალაცია სურს.

მედიასთან ისაუბრა ჩინური დელეგაციის ხელმძღვანელმა, ხე ლიფენგმაც. მისი თქმით, მხარეები შეთანხმდნენ საკონსულტაციო მექანიზმის შექმნაზე, რაც მათი თქმით, აუცილებელია სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე დისკუსიების გასამართად.

„ორივე მხარე შეთანხმდა ჩინეთ-აშშ-ის საკონსულტაციო მექანიზმის შექმნაზე, რათა სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე შემდგომი დისკუსია გაიმართოს. დავასახელეთ წამყვანი პირები ორივე მხარეს და ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს მათთან გავაგრძელებთ. მხარეები უმოკლეს ვადაში დაასრულებენ დეტალებზე შეთანხმებას, რის შემდეგაც 12 მაისს ერთობლივ განცხადებას გავავრცელებთ“, – განაცხადა ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ხე ლიფენგმა.

ჩინეთის დელეგაციამ აღნიშნა, რომ სავაჭრო ომებს გამარჯვებული არ ჰყავს, თუმცა სიტუაციის ესკალაციისთვისაც მზადაა.

„ჩინეთის პოზიცია სავაჭრო ომთან დაკავშირებით მკაფიო და თანმიმდევრული იყო. ჩინეთს არ სურს სავაჭრო ომი, რადგან მას გამარჯვებული არ ჰყავს. თუმცა თუ აშშ დაჟინებით მოითხოვს ამ ომს ჩვენ წინააღმდეგ, ჩინეთს არ შეეშინდება და საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს“, – თქვა ჩინეთის ვიცე-პრემიერმა ხე ლიფენგმა.

დელეგაციის წარმომადგენლების თქმით, ისინი შეთანხმების დეტალებზე ერთობლივ განცხადებას 12 მაისს გაავრცელებენ.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები