უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ის მზადაა, ცეცხლის შეწყვეტიდან გარკვეული ხნის მერე პირადად შეხვდეს ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში თურქეთში ჩასვლას თავადაც განიხილავს.
მისი თქმით, ის სტამბოლში მხოლოდ იმ შემთხვევაში გაფრინდება, თუ ჩათვლის, რომ მისი დასწრება პროცესისთვის სასარგებლო იქნება.
თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრას კარგი პოტენციალი აქვს და სჯერა, რომ შეხვედრას ორივე ლიდერი დაესწრება.
„ხუთშაბათს თურქეთში დაგეგმილი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტი ერდოღანი შესანიშნავი მასპინძელი იქნება. ვფიქრობ, რომ კარგი შეხვედრის პოტენციალი გვაქვს. ეს არ შედგებოდა მე რომ დაჟინებით არ მომეთხოვა. შესაძლოა, ამან კარგი შედეგი გამოიღოს. მჯერა, რომ ორივე ლიდერი იქ იქნება. იქ გაფრენაზე ვფიქრობდი. შეხვედრის დროს სადღაც ახლო აღმოსავლეთში ვიქნები, მაგრამ იქ ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ შეიძლება წარმატებას მივაღწიოთ.
კვირაში 5,000-ზე მეტი ადამიანი იღუპება, ისინი უნდა გადავარჩინოთ. ამ სისხლისღვრის შეწყვეტისთვის ძალიან ბევრს ვმუშაობთ. თუ ეს შეთანხმების მისაღწევად მნიშვნელოვანი იქნება, მაშინ განვიხილავ ჩასვლას. ეს შეხვედრა მე მოვითხოვე. ისინი ამაზე ვერ თანხმდებოდნენ… ვერ თანხმდებოდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. მე მათ ვუთხარი, რომ დროა, ეს შეწყდეს. უბრალოდ, მიდით შეხვედრაზე, ის უკვე დაგეგმილია. შეხვედრის დროს ახლო აღმოსავლეთში ვიქნები. ჩავფრინდები, თუ ჩავთვლი, რომ ეს სასარგებლო იქნება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.