როგორი ფორმატის შეხვედრა გაიმართება სტამბოლში 15 მაისს? კრემლის მმართველის ინიციატივას, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე 15 მაისს სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართოს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მალევე უპასუხა.
ზელენსკი მზადაა, პირადად ჩავიდეს სტამბოლში და პუტინს შეხვდეს. თუმცა მან მანამდე, უკვე 12 მაისიდან, ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა.
„ჩვენ ველით ცეცხლის შეწყვეტას — ეს წინადადება უკვე განიხილება. ცეცხლის სრული და პირობითი შეწყვეტა საჭიროა, რომ დიპლომატიისათვის შეიქმნას საჭირო საფუძველი. ეს კი შეუწყობს ხელს მშვიდობის დამყარებას. უკრაინა დიდი ხანია, ამას ითხოვს, ჩვენს პარტნიორებსაც მსგავსი შეთავაზება აქვთ, ამას მთელი მსოფლიო მოითხოვს. ახლა კი ველით ნათელ პასუხს რუსეთისგან. რუსეთს მაინც მოუწევს ომის დასრულება. მკვლელობა უნდა შეწყდეს. უკრაინული ძალები მზად არიან, იმოქმედონ სიმეტრიულად, რათა სამართლიანობა იყოს დაცული“, – ამბობს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
სანამ უკრაინის პრეზიდენტი ამ განცხადებას გააკეთებდა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა, რომ სტამბოლში 15 მაისს ბევრ რამეს აეხდება ფარდა.
„რუსეთის პრეზიდენტს, პუტინს, არ სურს, უკრაინასთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმოს. მას სურს, შეხვდეს ზელენსკის ხუთშაბათს თურქეთში, რათა განიხილოს სისხლისღვრის შესაძლო დასრულება. უკრაინა უნდა დაეთანხმოს ამას დაუყოვნებლივ. ისინი იმას მაინც შეძლებენ, განსაზღვრონ, რამდენად შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა. და თუ არა, ევროპის ლიდერებსა და აშშ-ს ეცოდინებათ, როგორია ვითარება და შესაბამისად იმოქმედებენ! მე ეჭვი მეპარება, რომ უკრაინა დადებს გარიგებას პუტინთან, რომელიც მეტისმეტად დაკავებულია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო. ამ გამარჯვებას კი აშშ-ის გარეშე ვერ მოიპოვებდნენ. ჩაატარეთ შეხვედრა, ახლავე!!!” – დაწერა დონალდ ტრამპმა.
დასავლელმა ლიდერებმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას მოსკოვს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა უკვე მოსთხოვეს. „მოლაპარაკება შეუძლებელია, სანამ იარაღი ლაპარაკობს” – დაწერა ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელ „იქსზე”. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმაც, განაცხადა, რომ მოლაპარაკებამდე ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო და არა პირიქით. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ თუ პუტინი კიდევ ერთხელ უარს იტყვის ცეცხლის შეწყვეტაზე, ზეწოლა უნდა განხორციელდეს არა აგრესიის მსხვერპლზე, არამედ თავად აგრესორზე.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა კი აღნიშნა: „უკრაინა და პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობა მშვიდობას ითხოვს. ახლა კი რიგი ვლადიმერ პუტინზეა – სურთ მათ მშვიდობა? პრეზიდენტმა ზელენსკიმ, ჩვენთან ერთად, მაგიდაზე დადო ძალიან მკაფიო წინადადება – უპირობო 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ჩვენი მიზნისკენ – მდგრადი და სამართლიანი მშვიდობისკენ. ხოლო ასეთი მშვიდობა შეიძლება დაფუძნდეს მხოლოდ გაეროს ქარტიის ძირითად პრინციპებზე. მზად ვართ, დავუჭიროთ მხარი უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც იქნება საჭირო – მისი მშვიდობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების დაცვისთვის. ამისთვის გამოვიყენებთ ყველა შესაძლო საშუალებას, მათ შორის სამხედრო დახმარებასაც და სანქციების გაძლიერებას გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. ახლა დროა მშვიდობისთვის და ამავდროულად, დროა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“.
ოფიციალური მოსკოვის უახლესი პოზიცია ჯერჯერობით უცნობია. არ ვიცით, ჩავა თუ არა პუტინი სტამბოლში. თუმცა რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელდა რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს გენერალური დირექტორის ივან ტიმოფეევის კომენტარი. იგი ამტკიცებდა, რომ სტამბოლში მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, დიპლომატიურ დონეზე გაიმართება. რუსული მედია საზოგადოებას აცნობს პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის, პოზიციასაც, რომ ცეცხლის შესაწყვეტად მოლაპარაკებებია საჭირო.
და ბოლოს, რაც შეეხება ცეცხლის შეწყვეტას… მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ 12 მაისიდან ცეცხლის შეწყვეტაზე ისაუბრა, კრემლის არიამ იერიშები არ შეანელა და მეტიც… უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, კრემლის საოკუპაციო არმიამ უკრაინას 12 მაისსაც საკმაოდ მასშტაბურად შეუტია. იერიშების დროს რუსეთის არმიამ 108 ირანული დრონი გამოიყენა. გარდა ამისა, უკრაინის არმიამ რუსეთის 155 სახმელეთო იერიშიც მოიგერია.