ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ისრაელში განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ახალი განაწილების სისტემა მალე ამოქმედდება.
ელჩი მაიკ ჰაკაბი ამბობს, რომ გეგმა მიზნად ისახავს ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისზე რეაგირებასა და იმ ადამიანებისთვის დახმარების უზრუნველყოფას, რომელთაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
მისი განცხადებით, ახალ მექანიზმში მონაწილეობას მიიღებენ საქველმოქმედო ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი და ზოგიერთ შემთხვევაში —მთავრობებიც.
გეგმის მიხედვით, ისრაელს დაეკისრება პასუხისმგებლობა დახმარების მიწოდებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ისრაელის ბრალდებები ,,ჰამასის“ წინააღმდეგ. ისრაელის მტკიცებით, დაჯგუფება იტაცებს დახმარებას, რაც ბლოკადის გაგრძელების მთავარი მიზეზია.
ბევრი ფიქრობს, რომ ისრაელი ცდილობს, მთლიანად გააკონტროლოს ჰუმანიტარული დახმარების განაწილება, რამაც შეიძლება გაართულოს ისედაც გაჭირვებაში მყოფი ადამიანების მდგომარეობა.
აშშ-ის ელჩმა მაიკ ჰაკაბიმ გაეროს ორგანიზაციები მოიწვია თანამშრომლობისთვის, თუმცა ისინი უარს ამბობენ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ გეგმა გაეროს პრინციპებს შეესაბამება.