ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთი „ძალიან ბევრს ითხოვს”.
ჯეი დი ვენსს არ დაუკონკრეტებია, კერძოდ, რას ითხოვს რუსული მხარე, თუმცა განაცხადა, რომ მოსკოვის მოთხოვნები ზედმეტად ამბიციურია. სირთულეების მიუხედავად, ვიცე-პრეზიდენტს სჯერა, რომ ომის დასრულება შესაძლებელია. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები ომის დასრულების მიზნით ინტენსიურად მუშაობს.
„რა თქმა უნდა, მოლაპარაკებების დაწყება ჩვენი მხრიდან სწორი ნაბიჯია. ვფიქრობ, რომ რუსები და უკრაინელები ძალიან დიდი ხანია, იბრძვიან. ორივე მხარეს ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ძალიან ბევრმა უდანაშაულო ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე. ჩვენი აზრით, აბსურდულია, რომ ეს ომი ამდენ ხანს გაგრძელდა. ორი მხარე ერთმანეთთან კონსტრუქციულადაც არ საუბრობს იმაზე, თუ კონფლიქტის დასრულებისთვის რა იქნება საჭირო. ვფიქრობ, ის რაშიც პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ძლიერია და რის გამოც ხშირად მას ამერიკელი და ევროპელი ჟურნალისტები აკრიტიკებენ, ჩემი მოსაზრებით უსამართლოდ, არის სტრატეგიული რეალიზმი ან სტრატეგიული ხედვა”, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ჯეი დი ვენსის თქმით, არ არის აუცილებელი აშშ-მ გაიზიაროს რუსეთის პოზიცია, რითაც ისინი ომის დაწყებას ამართლებენ.
„მეც და პრეზიდენტმა არაერთხელ გავაკრიტიკეთ სრულმასშტაბიანი შეჭრა. თუმცა, ამავდროულად კონფლიქტის დასრულების მიზნით უნდა ეცადო, გაიგო, მეორე მხარეს რა პოზიცია აქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი მიზანმიმართულად აიძულებდა რუსეთს ეთქვა – რა სურთ კონფლიქტის დასასრულებლად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რა თქმა უნდა, არ არის საჭირო დაეთანხმო მას. შეიძლება ჩათვალო, რომ მათი მოთხოვნა ზედმეტად დიდია.
რუსეთის პირველი შემოთავაზებისას ჩვენ ვუთხარით: „თქვენ ძალიან ბევრს ითხოვთ. თუმცა, სწორედ ეს არის მოლაპარაკებები. არ ვიტყოდი, რომ რუსეთს ომის დასრულება არ აინტერესებს. ვიტყოდი, რომ ახლა რუსებს კონფლიქტის დასასრულებლად გარკვეული მოთხოვნები აქვთ, გარკვეულ დათმობებს ითხოვენ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ისინი ზედმეტს ითხოვენ. ასევე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია უკრაინული მხარეც. ის კონფლიქტის მეორე მხარეა. ჩვენ უნდა ვიკითხოთ, უკრაინელებს რა სჭირდებათ, რომ ეს ომი დასრულდეს“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.