უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებულ უკრაინელ ჯარისკაცებზე ისაუბრა. რუსეთის ტყვეობაში მყოფი 205 უკრაინელი ჯარისკაცი სამშობლოში დაბრუნდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ტყვეების დაბრუნებაზე მუშაობდა.
„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი რუსული ტყვეობიდან 205 მებრძოლის დაბრუნებაა. მათგან 202 რიგითი ჯარისკაცია, ხოლო სამი ოფიცერი – დონეცკის, მარიუპოლის, ზაპოროჟიისა, ლუჰანსკის რეგიონის, ხარკივისა და სუმის რეგიონის დამცველები. მათ, ვინც ტყვეების გაცვლაზე მუშაობდნენ, მე მათ მადლობას ვუხდი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის ახალ კანცლერ ფრიდრიხ მერცს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მეგობარია და უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით ის ერთ-ერთი ლიდერია. ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სწორედ გერმანია აწვდის უკრაინას ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის იმედოვნებს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები კიდევ უფრო გამყარდება. მისი თქმით, ის გერმანიის ახალ კანცლერთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
„ფრიდრიხ მერცს გერმანიის ახალ კანცლერად არჩევას ვულოცავ. გერმანია არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მეგობარი. უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ნამდვილად ერთ-ერთი ლიდერია. ეს, უპირველეს ყოვლისა, მოიცავს საჰაერო თავდაცვას – პატრიოტისა და IRIS-T სისტემების ყველაზე დიდი მომწოდებელია. ეს კი ათასობით გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს,” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.