უკრაინამ და რუსეთმა ასობით ტყვე გაცვალეს — ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროცესი იყო მას შემდეგ, რაც მოსკოვმა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ოჯახის წევრები მივიდნენ უკრაინის ჩერნიჰივის რეგიონში მდებარე საავადმყოფოში, სადაც გათავისუფლებულ ტყვეებს მკურნალობენ.
უკრაინელი ჯარისკაცების ოჯახის წევრები სიხარულსა და ემოციებს ვერ მალავდნენ. ბევრი ჯერ კიდევ ელის თავისი ახლობლების ტყვეობიდან დაბრუნებას.
უკრაინელები იმედს არ კარგავენ, რომ იპოვიან დაკარგულ ნათესავებს.
„ჩვენ 32-ე ბრიგადიდან ვართ. 2024 წლის დეკემბერში ჩვენი ბიჭები პოკროვსკის სექტორში გაუჩინარდნენ. ოჯახებით ერთად ჩამოვედით და ველოდებით. იქნებ, ვინმე ვიცნოთ, იქნებ, რომელიმეს რაღაც ახსოვს და გვითხრას. ეს ცხოვრება არ არის. უბრალოდ არსებობ — ყოველდღე ელი რაიმე ცნობას. ყოველ დილით იღვიძებ ერთი ფიქრით — სად არის? რა მოუვიდა? ცოცხალია? და იმავეს ფიქრობ ღამითაც. ვერ ვიტყვი, რომ ეს სიცოცხლეა“, – ამბობს დაკარგული უკრაინელი ჯარისკაცის, მიკოლა სავჩენკოს, შვილი ანა სავჩენკო.
ზოგიერთმა დადასტურებული ინფორმაცია მიიღო, რომ მისი ახლობელი ჯერ კიდევ ტყვეობაშია. თუმცა, ისინი მაინც მოვიდნენ აქ იმ იმედით, რომ რამეს მაინც გაიგებდნენ მათ შესახებ.
ოჯახის წევრები თავიანთი ახლობლების ფოტოებს უჩვენებდნენ ახლად გათავისუფლებულ ტყვეებს.
Our people are free. Our people are home.
Today, Ukraine has brought back 205 warriors. Young and older men from almost all types and branches of the Armed Forces. Defenders of Mariupol and the entire front line.
They have been scattered across many Russian regions, imprisoned… pic.twitter.com/wW8cJ981mg
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) May 6, 2025
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადეს, რომ მათ 205 ჯარისკაცი გაცვალეს.
ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გაცვლის პროცესი არაბთა გაერთიანებული საამიროების ორგანიზებით მოხერხდა.
ორი ქვეყანა ერთმანეთში ტყვეებს მანამდეც ცვლიდნენ, თუმცა სხვადასხვა სიხშირით.
„ჯერ კიდევ არ მაქვს ბოლომდე გააზრებული, რომ სახლში ვარ. ძნელია, ძალიან ძნელია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ დავბრუნდი. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბიჭებიც, რომლებიც ჯერ კიდევ იქ არიან, დაბრუნდნენ. მათთვის ახლა გაცილებით რთულია, ვიდრე ჩემთვის“, – ამბობს 115-ე ბრიგადის ჯარისკაცი რომან ივანივი.
ტყვეების გაცვლა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ცალმხრივად გამოცხადებულ 72-საათიან ცეცხლის შეწყვეტას მოჰყვა.