კანადის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ვაშინგტონში, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მიიღო. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრამ ბოლო პერიოდში მხარეებს შორის გართულებული ურთიერთობების ფონზე ჩაირა. თვეების განმავლობაში დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს. მას ამის შესახებ კანადის ლიდერთან შეხვედრისას ჰკითხეს.
„როდესაც მოაშორებ ამ ხელოვნურად დახატულ ხაზს, რომელიც მრავალი წლის წინ ვიღაცამ სახაზავით დახაზა და ქვეყნის თავზე უბრალოდ სწორი ხაზი გაუსვა, ხედავ ამ მშვენიერ ფორმაციას, როცა ეს ყველაფერი გაერთიანებულია. მე ძალიან არტისტული ადამიანი ვარ, როცა ამ სილამაზეს შევხედე, ვთქვი, რომ ასე უნდა იყოს. ამის განხილვას დღეს ჩვენ არ ვაპირებთ, მხოლოდ მაშინ ვიზამთ, თუ მისი განხილვა ვინმეს სურს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
პრეზიდენტ ტრამპის განცხადებას კი პრემიერ-მინისტრმა კარნიმ უპასუხა.
„როგორც იცით, უძრავი ქონების ბაზარზე არსებობს ისეთი ადგილები, რომლებიც არასდროს იყიდება. ახლაც ასეთ ადგილას ვიმყოფებით. ასეთია ბუკინგემის სასახლეც, რომელსაც თქვენ ეწვიეთ. გასული რამდენიმე თვის განმავლობაში კანადის მფლობელებთან შეხვედრის შემდეგ უნდა ითქვას, რომ კანადა არ იყიდება და არც არასოდეს გაიყიდება”, – განაცხადა კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დრო აჩვენებს, თუ ეს საკითხი როგორ განვითარდება.
„ამას დრო გვიჩვენებს. მხოლოდ დროის ამბავია, მაგრამ მე ვიტყოდი – არასოდეს თქვა არასოდეს”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ოვალურ ოფისში შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის იყო ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული სავაჭრო პოლიტიკა, მათ შორის განიხილეს ტრამპის გლობალური სატარიფო პოლიტიკა. ორ პარტნიორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კუთხით უთანხმოება გამოიწვია ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ კანადისთვის 25%-იანი ტარიფების დაწესების თაობაზე. ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონი სხვა ქვეყნებს უფრო მეტად სჭირდებათ, ვიდრე ვაშინგტონს ისინი.
„ჩვენ აქვე შეგვეძლო 25 გარიგების გაფორმება. ჩვენ გარიგების დადება არ გვჭირდება. არამედ, მათ უნდა მიაღწიონ შეთანხმებებს ჩვენთან. მათ უნდათ, იყვნენ ჩვენი ბაზრის ნაწილი. ჩვენ არ გვინდა მათი ბაზრის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ არ გვაინტერესებს მათი ბაზარი”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან შეხვედრა მარკ კარნიმ კონსტრუქციულად შეაფასა და განაცხადა, რომ კანადა მზად არის, ვაშინგტონთან მუშაობა გააგრძელოს, თუმცა ეს კანადის ინტერესების ხარჯზე არ მოხდება. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, მას სჯერა, რომ ორ ერს ერთმანეთში ძლიერი ურთიერთობა ექნებათ.