8 მაისს 80 წელი გავა მას შემდეგ, რაც ნაცისტურმა გერმანიამ ხელი მოაწერა კაპიტულაციას და ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. საფრანგეთში ამ დღის აღსანიშნავად ემზადებიან და ამ ისტორიულ თარიღთან დაკავშირებით ადამიანები, რომლებიც ომს გადაურჩნენ, მტკივნეულ მოგონებებს უბრუნდებიან.
1940 წლის მაისში გერმანული არმია საფრანგეთის ტერიტორიაზე შეიჭრა. 15 წლის ჟენევიევ პერიე იმ დროს დედასთან ერთად ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში, პატარა სოფელში ცხოვრობდა. გერმანული ჯარების მოახლოებასთან ერთად ორივე სახლიდან გაიქცა.
„გზაზე სამოქალაქო და სამხედრო კოლონები იყო. ჩვენ ველოსიპედებზე დავსხედით და ერთ-ერთ მდელოს შევაფარეთ თავი. დედაჩემს თეთრი ქუდი ეხურა და ყველა ეუბნებოდა, რომ ეს ქუდი მოეხადა. აი, სწორედ ამ დროს დავინახე უზარმაზარი ბომბი, რომელიც სულ ოდნავ აგვცდა, ჩვენ წინ დავარდა და არ აფეთქდა. ეს ჩვენს ცხოვრებაში უდიდესი იღბალი იყო“, – ჰყვება ჟენევიევ პერიე.
რამდენიმე თვის განმავლობაში ჟენევიევ პერიე დედასთან ერთად სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთის პატარა ქალაქში, ვიშის რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდა. შემდეგ კი დედამისმა გადაწყვიტა, რომ კვლავ სახლში დაბრუნებულიყვნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ნაცისტური ოკუპაციის ქვეშ ეცხოვრათ.
„ჩვენს ქალაქში წინააღმდეგობრივი მოძრაობა დიდი იყო. დედაჩემს ეშინოდა, რომ მომკლავდნენ. მე ახლომდებარე სოფელში მინდოდა წასვლა, რომელიც ჩვენი საცხოვრებელი ადგილიდან 5 კილომეტრში მდებარეობდა. იქ სამი გოგო იყო, მათ შორის გენერლის შვილი, წინააღმდეგობის ლიდერი. მინდოდა მათ შევერთებოდი, თუმცა დედაჩემი მეუბნებოდა: „არა, არ მინდა, რომ წახვიდე. ქმარი აღარ მყავს და შენც თუ წახვალ, რა იქნება…“ მას არ უნდოდა რომ წავსულიყავი და მართალიც იყო, რადგან სამივე მათგანი დახოცეს“, – იხსენებს ჟენევიევ პერიე.
მიუხედავად ამისა, ჟენევიევი ყოველდღიურ ცხოვრებაში წინააღმდეგობის სულისკვეთებას ინარჩუნებდა. ის იხსენებს, რომ ეკლესიაში კათოლიკურ რელიგიურ ჰიმნს მღეროდნენ სიტყვებით: „კათოლიკე და ფრანგი, ყოველთვის!“
ჟენევიევ პერიე ამბობს, რომ თავიდან არც კი სჯეროდა, რომ 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიის სანაპიროებზე მოკავშირეთა ძალები გადმოსხდნენ, რადგან ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა. თუმცა იმავე წელს მან დაინახა გენერალ ლეკლერის მეორე ფრანგული დივიზიის ჯარები, რომლებიც ამერიკული ტანკებით იყვნენ აღჭურვილნი და სოფელში შემოდიოდნენ.
1945 წელს კი ნაცისტურმა გერმანიამ კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი, რითაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დასრულდა.