ალკატრასის ნავმისადგომი ის ადგილია, საიდანაც ტურისტები კუნძულზე ნავით მიემგზავრებიან — იქ, სადაც ოდესღაც გამორჩეული ფედერალური ციხე მდებარეობდა. მთავრობა სწორედ აქ გზავნიდა განსაკუთრებულად საშიშ დამნაშავეებს. ალკატრასის ციხეში ისეთი ცნობილი კრიმინალები ჰყავდათ დაპატიმრებული, როგორებიც იყვნენ ალ კაპონე, ჯორჯ კელი და სხვა.
დღეს ეს კუნძული ეროვნულ პარკს წარმოადგენს და სან-ფრანცისკოს ყურეში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება.
„ჩემი აზრით, ეს გეგმა უბრალოდ ფულის უაზრო ხარჯვაა. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს მხოლოდ იდეის დონეზე განიხილავენ. ძალიან ძნელი იქნება სასმელი წყლის, კანალიზაციის და სხვა სისტემების გამართვა, ასევე თანამშრომლების მოზიდვა, რომ აქ იმუშაონ.კარგია, როცა კანონის დამრღვევებს მკაცრად ეპყრობიან, მაგრამ არ მომწონს, როცა ფული უაზრო იდეებში იხარჯება. სჯობს ცივილიზაციას დაშორებულ უდაბნოში ააშენონ ციხე — გაცილებით იაფი გამოუვათ, ვიდრე კუნძულზე, რომელსაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ”, – ამბობს რენდი დულითლი, ტურისტი.
ალკატრასის ციხე 1963 წელს დაიხურა — იგი მწყობრიდან იყო გამოსული, ხოლო პატიმრების გადაყვანა და საჭირო მასალების ნავით მიწოდება ძალიან ძვირი ჯდებოდა. ალკატრასში ერთ პატიმარზე ყოველდღიური ხარჯი $10.10-ს შეადგენდა მაშინ, როცა ატლანტას ფედერალურ ციხეში ეს ხარჯი მხოლოდ $3 იყო.

პრეზიდენტ ტრამპს ამ გეგმის შესახებ დეტალები ჯერ არ გაუმხელია, თუმცა მოსალოდნელია, რომ პროექტი ძვირადღირებული იქნება და ადგილობრივებში დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.
ტრამპის განცხადებით, ალკატრასი, რომელიც ამჟამად ეროვნულ პარკთა სამსახურს ეკუთვნის, კვლავ საჭიროა იმისთვის, რომ იქ აშშ-ის „ყველაზე დაუნდობელი და მოძალადე“ დამნაშავეები მოათავსონ.
„ალკატრასი სიმბოლოა სიმტკიცის, ძალისა და წესრიგის. ჩვენს ქვეყანას კი სჭირდება კანონი და წესრიგი. ვფიქრობ, საინტერესო პროცესი იქნება. ვნახავთ, შევძლებთ თუ არა, დავუბრუნოთ ძველი ფუნქცია. ჩემთვის ის დიდ რაღაცას წარმოადგენს. ახლა კი უბრალოდ რკინის გროვადაა ქცეული, რომელიც იჟანგება და ლპება“, – ამბობს დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი.
ხშირად ნისლით დაფარული ალკატრასი არაერთი ცნობილი ფილმის გადასაღები მოედანი ყოფილა, სადაც მონაწილეობა ისეთ ცნობილ მსახიობებს მიუღიათ, როგორებიცაა შონ კონერი, ნიკოლას ქეიჯი, კლინტ ისტვუდი და ა.შ.
„ეს შეიძლება ერთ-ერთი ბოლო შანსი იყოს, რომ ალკატრასში მოვხვდე და ვნახო, სანამ ისევ ციხედ გადააქცევენ და ტურისტებისთვის დაიხურება. მინდოდა, მესარგებლა შესაძლებლობით და საკუთარი თვალით მენახა მისი ისტორია და ის, რაც კუნძულის ადრეული პერიოდიდან დარჩა. დღეს, როცა აქ ვარ და ყველაფერს ვაკვირდები, ნათლად ჩანს, რომ ეს შესანიშნავი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და დიდი შემოსავალი მოაქვს, როგორც სან-ფრანცისკოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის“, – ამბობს ნიკ ფერნელი, ტურისტი.
ციხე 1934 წლიდან 1963 წლამდე ფუნქციონირებდა, თუმცა მისი ისტორია გაცილებით ძველია.
მიუხედავად იზოლაციისა, ბევრი პატიმარი მაინც ცდილობდა გაქცევას: FBI-ის მონაცემებით, სულ 36-მა პატიმარმა სცადა გაქცევა 14 ცალკეულ შემთხვევაში. თითქმის ყველა დააკავეს, ან ყურის ცივ წყალს, ძლიერ დინებასა და ზვიგენებს ვერ გადაურჩნენ.