კატეგორიები

ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე: „ესაა ჭეშმარიტად თანასწორი შეთანხმება“

ვოლოდიმირ ზელენსკი მინერალების შეთანხმებაზე: „ესაა ჭეშმარიტად თანასწორი შეთანხმება“
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პირველ მაისს იშვიათ მიწათა ელემენტების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების შედეგი იყო და ამ მოლაპარაკებამ მხარეები „ჭეშმარიტად თანასწორ შეთანხმებამდე“ მიიყვანა.

„შეთანხმება მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა ესაა ჭეშმარიტად თანასწორი შეთანხმება, რომელიც უკრაინაში ინვესტიციების შესაძლებლობას ქმნის, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია უკრაინაში წარმოებისა და იურიდიული პრაქტიკის მოდერნიზაციისთვის“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, უკრაინას ვაშინგტონისთვის წარსულში გაწეული დახმარებების გამო ფინანსური ვალდებულება არ ექნება.

„შეთანხმება არ ითვალისწინებს ფინანსურ ვალდებულებას და შექმნის ფონდს, აღდგენის ფონდს, რომელიც უკრაინაში ინვესტიციის ჩადებასა და ფულის აქ გამომუშავებას ითვალისწინებს. ესაა სამართლიანი პირობებით ამერიკასთან მუშაობის შედეგი, როცა უკრაინასაც და შეერთებულ შტატებსაც, რომელიც თავდაცვაში გვეხმარება, პარტნიორობით ფულის გამომუშავება შეეძლებათ“, –  ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

შეთანხმებაზე მხარეები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ და როგორც უკრაინელი მაღალჩინოსნები ამბობენ, ხელმოწერილი შეთანხმების პირობები ამ დოკუმენტის წინა ვერსიებზე უფრო ხელსაყრელია.

„შეთანხმებისთვის ხელმოწერაზე ჩვენი მზადყოფნის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ვესაუბრე. ამაზე ვატიკანის შეხვედრაზე ვისაუბრეთ. ფაქტობრივად, ახლა ვატიკანის შეხვედრის პირველი შედეგი მივიღეთ, რაც მას ნამდვილად ისტორიულს ხდის. მოუთმენლად ველით ჩვენი საუბრის სხვა შედეგებსაც – ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. მე და პრეზიდენტი ტრამპი ყოველი წუთის 100%-ს ვიყენებდით“, –  ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

უკრაინის რადაში შეთანხმების რატიფიკაცია უნდა განიხილონ, რის შემდეგაც დოკუმენტი საბოლოოდ შევა ძალაში. შეთანხმებით გათვალისწინებული უკრაინის აღდგენის ფონდი კი, კიევის აზრით, ამერიკული სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის საშუალება იქნება.

Related news
კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ ევროპელი დიპლომატები პირობას დებენ, რომ უკრაინა 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას მაინც მიიღებს
სხვა ამბები