კატეგორიები

„უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება” – აშშ მოლაპარაკებებიდან გასვლის ვარიანტებზე მსჯელობს

„უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება” – აშშ მოლაპარაკებებიდან გასვლის ვარიანტებზე მსჯელობს

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შთაბეჭდილებით უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. ამის შესახებ ჯეი დი ვენსმა განაცხადა Fox News-თან ინტერვიუში, რომელშიც განმარტა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ორივე მხარემ სამშვიდობო გეგმის საკუთარი ვერსია უკვე წარმოადგინა და ახლა მუშაობა შუალედურ ვერსიაზე მიმდინარეობს.

ომის დასრულების წარუმატებელი მცდელობების შემთხვევაში, მოლაპარაკებებიდან ვაშინგტონის გასვლის პროცესზე დამატებით ისაუბრეს სახელმწიფო დეპარტამენტში. პრესსპიკერის, თემი ბრუსის, განმარტებით, თუ მხარეების ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება ვერ მოხერხდება, აშშ პროცესში მედიატორის როლზე უარს იტყვის. მიუხედავად ამისა, ვაშინგტონში ხაზს უსვამენ, რომ ომის დასრულების მცდელობის მიმართ ერთგულები რჩებიან.

„ჩვენ ვაკვირდებით პუტინის ქმედებებს და არა სიტყვებს და ამ მხრივ სახელმწიფო მდივანი ძალიან მკაფიო იყო ვადებთან დაკავშირებით, გარკვეულ პერიოდში ეს იყო კვირები, შემდგომ დღეები, გასულ კვირას კი მან თქვა, რომ ეს იყო გადამწყვეტი კვირა და ასეც იყო.

მკაფიოა, რომ ჩვენ არ ვუხსნით რუსეთს უკვე არსებულ სანქციებს. პრეზიდენტს სურს ჩვენი ნაბიჯები იყოს დიპლომატიური, ამასთან იცის, რომ არსებობს გლობუსის სხვა ნაწილი, რომელსაც ასევე სჭირდება ჩვენი ყურადღება.

სახელმწიფო მდივანმა მკაფიოდ თქვა, რომ სამშვიდობო პროცესში ჩვენი სტილი შეიცვლება, შეიცვლება მეთოდოლოგია იმისა, თუ როგორ ვიქნებით ამ პროცესში ჩართული. ჩვენ უბრალოდ აღარ ვიქნებით მედიატორები. ჩვენ ჯერ კიდევ ჩართულნი ვართ და დავეხმარებით პროცესს როგორც შეგვეძლება.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეიძლება შევცვალოთ ამ პროცესის ბუნება, ჩვენ გამუდმებით აღარ ვიფრენთ მსოფლიოს მასშტაბით შეხვედრების მედიატორობისთვის იმ პათოსში, რომ ეს ახლა არის ორი მხარის საქმე. ახლა არის დრო, როდესაც ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს და განავითაროს კონკრეტული იდეა იმის შესახებ, თუ როგორ დამთავრდეს ეს ომი. ეს მათზე იქნება დამოკიდებული”, – აღნიშნა თემი ბრუსმა სახელმწიფო დეპარტამენტში.

Related news
მშვიდობის სურვილი და ომის მუქარა – დონალდ ტრამპის გამოსვლა კონგრესში ლიკვიდირებულია პირი, რომელმაც დონალდ ტრამპის ფლორიდას რეზიდენციაში შეაღწია
სხვა ამბები