კატეგორიები

მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში მშრომელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში მშრომელთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
მთელ ევროპაში ათიათასობით ადამიანმა აქციებსა და დემონსტრაციებში მშრომელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მიიღო მონაწილეობა.

მშრომელთა საერთაშორისო დღე მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში, პირველ მაისს, მშრომელთა და შრომითი მოძრაობების ბრძოლის ხსოვნისთვის აღინიშნება.

ათი ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა საფრანგეთის დედაქალაქის, პარიზის ქუჩებში, რაც საბოლოოდ პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც შავებში ჩაცმული დემონსტრანტები სოციალისტური პარტიის წევრებს დაუპირისპირდნენ.

საპროტესტო აქციები გაიმართა მარსელსა და სხვა ქალაქებშიც. ისინი მოითხოვდნენ მშრომელთა უფლებების მეტად დაცვას, მაღალ ანაზღაურებასა და მეტ თანასწორობას.

აქციები გაიმართა ესპანეთშიც. მადრიდში მუშათა პროფკავშირების მიერ გამართული დემონსტრაციის პარალელურად, მსვლელობა ულტრამემარჯვენე პარტია „VOX“-მაც გამართა.

აქციის მონაწილეები მთავრობას აკრიტიკებდნენ სამუშაო ადგილების ნაკლებობისა და დაბალი ანაზღაურების გამო.

„ესპანეთში მუშაობა ცუდია, ბევრი სამუშაო საათი, დაბალი ხელფასი. ცხოვრება ძვირდება, მთავრობა კი არაფერს აკეთებს“, – ამბობს მებაღე, ანდრეუ ბარბა.

ათასობით ადამიანი შეიკრიბა ათენშიც. ზოგიერთმა მშრომელმა პარლამენტის წინ დროშები აღმართა და ანტისამთავრობო ლოზუნგების სკანდირება დაიწყო.

„რა თქმა უნდა, აქ ვართ მშრომელთა დღის აღსანიშნავად. მრავალი ბრძოლისა და დიდი ძალისხმევის შედეგად, მუშებმა მოვახერხეთ რვასაათიანი სამუშაო დღისთვისა და ღირსეული სამუშაო პირობებისთვის მიგვეღწია“, – ამბობს სტუდენტი, ფოტეინი დოული.

საბერძნეთში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს მშრომელთა გაერთიანების მნიშვნელობაზე. ისინი ამბობენ, რომ კაპიტალისტურ, იმპერიალისტურ და კორპორატიულ სიხარბეს უნდა დაუპირისპირდნენ.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები