იერუსალიმში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ისრაელის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. იერუსალიმის მახლობლად, ესთაოლის ტყეში, მასშტაბური ხანძარი 30 აპრილს გაჩნდა, ძლიერმა ქარმა და მაღალმა ტემპერატურამ ცეცხლის სწრაფი გავრცელება გამოიწვია.
ათასობით ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საცხოვრებელი ადგილი. დაიხურა რამდენიმე ძირითადი ავტომაგისტრალი და გაუქმდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ცერემონიები.
იერუსალიმის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ეს შესაძლოა ისრაელის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარი იყოს, რომელიც სწრაფად ვრცელდება. ხანძარმა დაახლოებით 1,200 ჰექტარი ტყის ფართობი გაანადგურა.

ხანძრის გამო ევაკუირებულია ათზე მეტი დასახლება. დაიხურა იერუსალიმი-თელ-ავივის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი და სხვა მნიშვნელოვანი გზები.
პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ცეცხლმა შესაძლოა იერუსალიმის გარეუბნებსა და თავად ქალაქსაც მიაღწიოს.
რაც შეეხება დაშავებულებს. ბოლო ინფორმაციით, დაახლოებით 23 ადამიანს გაეწია სამედიცინო დახმარება, მათგან 13 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ძირითადად, ინჰალაციური დაზიანებისა და დამწვრობის გამო. დაშავებულებს შორის არიან ორსული ქალები და ორი ჩვილი. მსუბუქად დაშავდა 12 მეხანძრე.
ისრაელმა საერთაშორისო დახმარება ითხოვა. იტალიამ და ხორვატიამ სამი სახანძრო თვითმფრინავი გაგზავნეს ისრაელში. ასევე ისრაელს დახმარება შესთავაზეს კვიპროსმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, ესპანეთმა და საფრანგეთმა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. არსებობს ეჭვი, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. რამდენიმე პალესტინელი უკვე დააკავეს.